უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, 1-ლი თებერვლიდან, საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდება. საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება.

ამის შესახებ report.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი განმარტებით, 1-ლი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დღემდე, საქართველოში რეგულარული საჰაერო ფრენები თითქმის 10-თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ტურისტების შემოყვანის გეგმა მუშავდება. მომავალი კვირიდანვე შემსუბუქდება რეგულაცია საქართველოში შემოსვლაზე.

მთავრობა ვაქცინირებული ტურისტების მოსაზიდად სპეციალურ გეგმას ადგენს.