საქართველოს საელჩო  დიდ ბრიტანეთში ამ ქვეყანაში მყოფ თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ 5 იანვრიდან, კორონავირუსის საგანგაშო გავრცელების გამო, რიგი შეზღუდვები დაწესდა და მათი შემსუბუქება წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული, აღნიშნულია  საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების წრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ–განგაშის სისტემის მეხუთე დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

კარანტინი გულისხმობს შემდეგს:

  • ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით;
  • სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
  • სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ–სწავლების რეჟიმზე თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.

საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ქვეყანაში დამტკიცებული ორი ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით.

დღესდღეობით მსოფლიოში კორონავირუსის 85,675,442 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1,853,344 ადამიანი. დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულია 2,7 მილიონზე მეტი ადამიანი.