“პრაიმტაიმი” საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. 39 წლის მარინა ჭაბუკიანი ბავშვობიდან ძალადობის მსხვერპლია, პროტესტის ნიშნად დაქორწინდა, თუმცა რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქმარმაც ძალადობა დაიწყო.

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ბედმა არც ამ შემხვევაში გაუღიმა. მძიმე ავადმყოფ ქალს უვლის, ისიც სხვა თანამემამულეების მსგავსად, მას ბებიას უწოდებს. მარინას ახლა, უკვე სწორედ ეს ბებია ფიზიკურად უსწორდება, როცა მის გაუაზრებელ ქცევას წინააღმდეგობას უწევს…

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„როცა პატარა ვიყავი, მამა გამუდმებით მცემდა, მას ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა. სამსახურიდან რომ მოვიდოდა, თუ ზედმეტად ავხმაურდებოდი, ან რამეს დავაშავებდი, თმებით მათრევდა. თუ 5-იანს ვერ მივიღებდი, უარესი სკანდალი ხდებოდა. იმდენად გახმაურებული იყო ჩემი ისტორია სკოლაში, რომ მასწავლებლებს ხშირად უთქვამთ – გიწერ 5-იანს, რომ დაგიცვათ, მაგრამ ამჯერად არ გეკუთნოდაო.

დედა ნატკენ ადგილებზე მკოცნიდა, მაგრამ როგორი სიმძაფრითაც მეფერებოდა, იგივე სიმძაფრით აგრესიაც მქონდა, რადგან გამუდმებით გვამცირებდნენ და ის დუმილით ამის უფლებას მამას აძლევდა.

ოჯახური პირობების გამო მაშინვე გავთხოვდი, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა. მართალი გითხრათ, მომავალი ქმარი არ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულს არც დავეძებდი. მიზანი ერთი იყო – მოძალადე მამისგან თავი დამეღწია. ირაკლი ჩემი კლასელის ნათესავი იყო, ჩემზე 9 წლით დიდი, სკოლა როგორც კი დავამთავრე, ეგრევე გავიპარე.

როცა ჩემს სანახავად მშობლები მოვიდნენ, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი ვიყავი, რომ მშობლებზე “შური ვიძიე”. დედა ტიროდა და ისევ მეფერებოდა, მამა პირველად მაშინ მომექცა თბილად, უკვე ქალი ხარ, შენი ოჯახი გაქვს, აბა შენ იცი, მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვისო, მითხრა და წავიდნენ.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ირაკლი ჩემს მიმართ დიდად სიყვარულს არ ამჟღავნებდა, მაგრამ მამის შემდეგ, ის ნამდვილ ანგელოზად მეჩვენებოდა. ორი შვილი შეგვეძინა, თან ვსწავლობდი, პატარებს ქმრის მშობლები ზრდიდნენ, ჩემს მშობლებსაც ხშირად მიჰყავდათ ხოლმე.

მერე, ირაკლი შეიცვალა. სახლში ფხიზელი აღარ მოდიოდა, ნასვამი კი, ჩემზე ისე ძალადობდა, რასაც ჰქვია მტანჯავდა. იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მამის შემდეგ, ქმრისგანაც იგივეს ატანა მომიწევდა.

რა თქმა უნდა, ქმრისგან წასვლა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ მშობლების სახლში ვერ დავბრუნდებოდი. გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავულიყავი, ბავშვებს კი მორიგეობით, ხან დედაჩემი, ხანაც დედამთილი მიხედავდნენ. თანაც, ქმარს უკვე ქეიფებსა და საყვარლებში სოლიდური ვალი ჰქონდა დაგროვილი.

წავედი საბერძნეთში. უკვე ემიგრაციაში ვარ 7 წელია. ბევრგან ვიმუშავე. ბოლო ერთი წელი კი, ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს ვუვლი. ის ძალიან აგრესიულია, გამუდმებით ყვირის, წინააღმდეგობას ვერ იტანს, იმ წამსვე იერიშზე გადმოდის და მირტყამს. სამსახურიდან ვერ მივდივარ, პანდემიის გამო ისედაც ჭირს სამსახურები და ახლა, ღია ცის ქვეშ დარჩენას, ამის მოთმენა ჯობია. ტირილით ვათრევ მის პამპერსებს და სასოწარკვეთილი დედაზე ვფიქრობ – იქნებ მასაც ჩემნაირი ბედი აქვს, მასზე ყველა ძალადობდა და ბედს შეეგუა?!

ამას წინათ, ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი – მგონი, მთელი ცხოვრება ცემის მოთმენა მევალება და ჩემი მისია მხოლოდ სხვები მსახური და მოთმინებაა. 39 წლის ქალი ვარ და ჯერ სიმშვიდე არ მღირსებია. მართლა მიკვირს, ბედი ყოველთვის ასეთ განსაცდელს როგორ მაძლევს? როცა პირველად ბებიამ დამარტყა, რომელსაც ვუვლი, შოკი მივიღე – მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ დამიდგა.

ემიგრაციიდან ისე არ დავბრუნდები, რომ ჩემთვის ცალკე, პატარა სარდაფი მაინც არ ვიყიდო, იქნებ მშვიდი სიბერე მოვიწყო, არც შვილებთან მინდა დაბრუნება და მით უმეტეს – არც ქმართან. ყველა ქალს ვურჩევ, ვინც გაუსაძლის პირობებში არიან, უარი თქვით მოთმინებაზე და ბედს ნუ შეურიგდებით, ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენთვის მშვიდი და თუნდაც, უბრალო ბუდე მოიწყოთ”, – ამბობს ემიგრანტი.