იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ლელა ლაჩაშვილი იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველი ემიგრანტების უფლებებს განმარტავს და ურჩევს, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდი დაუდასტურდებათ – რისი მოთხოვნის უფლება აქვთ დამსაქმებლისაგან.

“მოგესალმებით, მეგობრებო და მინდა ერთ მეტად აქტუალურ თემაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. 2020 წელს მსოფლიო პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და ადამიანები ნაკლები მგრძნობელობით მთლიანად გამოკეტა თავის ნაჭუჭში.

სამწუხაროდ, ახალი რეგულაციები ძალიან მწვავედ აისახა ემიგრანტის ცხოვრებაზე. ისინიც კი, ვინც კვირაში ორჯერ მაინც სარგებლობდნენ დასვენების დღეებით, ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლის მოთხოვნით, სახლიდან გამოუსვლელად მუშაობენ ახლა. არის შემთხვევები პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში მათი სამსახურიდან განთავისუფლების და მუქარის. რისი უფლებაც, რა თქმა უნდა, არ აქვს დამსაქმებელს. ჩვენ გვაქვს უფლება,ვისარგებლოთ იგივე რეგულაციებით, რაც მთელი იტალიის სახელმწიფოსთვის ნებადართულია. ამას თავი დავანებოთ და ჩემს ყურამდე აღწევს ინფორმაცია, ვირუსით დაავადებული ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლების, რაც ქუჩაში დატოვებას ნიშნავს ადამიანის, როდესაც მძიმე ავადმყოფისთვის არ არის ადგილი კოვიდსაავადმყოფოებში და ბინაში შესვლაც კიდევ სხვა ადამიანების დაინფიცირების ტოლფასია.

მინდა იცოდეთ, რომ კანონით დასჯადია, კოვიდდადებითი ადამიანის ქუჩაში გამოშვება, მით უმეტეს თუ მათი ოჯახიც ვირუს დადებითია (ან რისკის ჯგუფს მიეკუთვნება) უნდა დარჩეთ იქ და მათთან ერთად გამოჯანმრთელდეთ. ასე თუ ისე, თუ მაინც უმუშევარი რჩება ადამიანი და ჩვეულებრივ ბინას აფარებს თავს და იქ ხდება მისი დაინფიცირება, ბინის მეპატრონის მხრიდან კიდევ ცალკე პრობლემას აწყდება. ბინის მეპატრონე უარს ამბობს სასწრაფოს გამოძახებაზე ან ექიმთან კონსულტაციის მიზნით დარეკვაზე, იმის გამო, რომ ბინის მეპატრონეს დისკომფორტი შეექმნება კოვიდინფიცირებული პირის ბინაში ყოფნით, დიაბეტიანი ან სხვა ქრონიკული დაავადების მქონე ემიგრანტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება.

ნუ გავწირავთ ერთმანეთს უყურადღებობით და გულგრილობით. ჩვენ ესეც უნდა გადავიტანოთ და ერთად დავბრუნდეთ, ჩვენს ქვეყანაში. ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და დავიცვათ ჩვენი უფლებები. გისურვებთ ჯანმრთელობას. პატივისცემით, ჯგუფის ადმინისტრატორი: ლელა ლაჩაშვილი.

პ.ს. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დატოვოთ სამსახური უბრალოდ დარეკეთ 112 ან 118 და გამოიძახეთ პოლიცია. ოჯახი გააფრთხილეთ, რომ რეკავთ. ისინი მაშინვე ხელს აიღებენ ამ განზრახვაზე. არ აქვს მნიშვნელობა საბუთიანი ხართ თუ უსაბუთო. უნდა მოგხედონ თვითონ.
Წყარო kartuli.kvira.ge