ახლა მოგიყვებით ამბავს იმისა, თუ როგორ გავხდი “ბოზი” – ამ ბლოგის ავტორი ქეთი პაპუნაშვილია, რომელიც გენეალოგიაში ერთადერთი ქალი მეცნიერია საქართველოში. ის თავის გამოცდილებაზე წერს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და კლიშეებს მოიცავს… სანამ მის სოფელში ფიქრობდნენ, რომ ქეთი ამორალური ქალი იყო, ზუსტად მაშინ, ის ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი ხდებოდა… ამბობს, რომ შინაურები “ბოზ ქეთინოსაც” კი მეძახდნენო. ბლოგს “საფარი” აქვეყნებს:

“პირველად ჩემი მისამართით ნათქვამი ეს სიტყვა (ბოზი) რომ გავიგე, ალბათ 14-15 წლის ვიქნებოდი. ზუსტად არ მესმოდა მისი მნიშვნელობა, თუმცა ვხვდებოდი, რომ კარგი რამე არ იყო. “ეს უეჭველი გაბოზდებაო“, მესმოდა ზოგჯერ… ვიზრდებოდი სოფელში. ვსწავლობდი ძალიან კარგად და მაშინ, როცა ჩემი ტოლი გოგოები ქუჩაში ისხდნენ და ამვლელ-ჩამვლელს ათვალიერებდნენ, მე წიგნებს ვკითხულობდი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ალბათ გაგიკვირდებათ, – რა შუაშია კითხვა ბოზობასთანო. შუაში კი არა, თავშია. ვინაიდან სოფელში უმაღლესი სასწავლებელი არ იყო, რადგან კარგად ვსწავლობდი, თბილისში უნდა გამეგრძელებინა სწავლა. ჩემი ოჯახისთვის ეს ნორმალური ამბავი იყო, მაგრამ მეზობლებისთვის არა. დამოუკიდებელი ცხოვრების მცდელობა უკვე ბოზობასთან ასოცირდებოდა.

მეორე კურსზე ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთი როკ-ჯგუფის წევრებს დავუმეგობრდი, ოთხ ბიჭს, რომლებიც ჩემი საყვარელი ბითლზების სიმღერებს მღეროდნენ. ჯგუფს ერქვა “სელთიბ“. ვიღაც ბედნიერმა ამ ბიჭებთან ერთად მნახა კონცერტის შემდეგ და ჩემი “ბოზობა” 10-ბალიანი სისტემით უკვე 8 ბალს აღწევდა.

მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე მეორე არხზე. გადაცემის პროდიუსერი ვიყავი. ეს ამბავი ჩემი სოფლელების ყურამდე მივიდა და მამაჩემს ლამის სამძიმარს ეუბნებოდნენ. მეზობლების და ზოგი ნათესავის ზეწოლას ვერ გაუძლო დედაჩემმა. მეორე არხიდან მალე წამოვედი, რადგან ტელევიზიაში ყველა “ბოზია”. ამ დროს, 10-ბალიანი სისტემით უკვე 9-ზე ვარ.

როცა დიპლომი ავიღე, სოფელში დაბრუნების ნაცვლად გენეალოგიის შესწავლა დავიწყე და მეცნიერების ამ დარგს მართლა მივუძღვენი ჩემი ცხოვრება, – აქ მოხდა ყველაზე უარესი. უკვე ისეთი “ბოზი” ვიყავი, სოფელში არ ჩამესვლებოდა. ამ ამბავს მოჰყვა ძალიან მალევე ჩემი გამოჩენა სხვადასხვა ეთერში, სადაც გაბედულად ვსაუბრობდი ტაბუირებულ თემებზე. ამ დროს უკვე მარტო “ბოზი” კი არა, “ღვთის პირიდან გადავარდნილიც” ვიყავი.

პარალელურად, დავქორწინდი ჩემზე 14 წლით უფროს და შვილიან კაცზე, რამაც ჩემი “ბოზობის” ამბავი კიდევ უფრო განამტკიცა, რამეთუ, “ქალიშვილი” რომ ვყოფილიყავი, ჩემს ტოლს და უშვილოს გავყვებოდი ცოლად.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის ადამიანები ჩემი “ბოზობის” ამბების მოყოლით დაიღალნენ, ძალიან ცდებით

შინაურობაში “ბოზ ქეთინოსაც” მეძახიან…

რატომ დავწერე და, ასე 10 დღის წინ “ბოზის” დეფინიციას ეძებდა ფეისბუქ-საზოგადოება. იმედია, ჩემი ამბავი დაეხმარებათ ქალი თუ განათლებული და დამოუკიდებელია, უკვე “ბოზია”. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სოფელში.

პ. ს. ევროპაში ნამყოფიც ბოზია.” – წერს ქეთი პაპუნაშვილი