საქართველოში ვაქცინის შემოტანის, სავარაუდო თარიღად  2021 წლის პირველი კვარტალია დასახელებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის დასრულბის შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, “კოვაქს” პლატფორმიდან მათ უკვე მიიღეს წერილი და საპასუხო წერილი ორშაბათს უნდა გაიგზავნოს, რომლითაც ვაქცინის მიღების საკითხებისა და ქვეყნის მზადყოფნის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა  მიაწოდონ.

“დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ჩვენ შევდივართ COVID-19-ის მართვის ახალ ფაზაში და აქ წამყვანი როლი აქვს ვაქცინას. დღევანდელი საბჭო ეძღვნება ვაქცინის დაგეგმვის გეგმის შემუშავების დასრულებას. თქვენ იცით, რომ გაერთიანებული ვართ “კოვაქს” პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ “ფაიზერის” ვაქცინა. ამ პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს საპასუხო წერილი სამინისტროს მხრიდან, სადაც მათ დეტალურად უნდა გავცეთ პასუხი, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ ვაქცინის შემოტანა მოხდეს. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოკუმენტი მათ დააკმაყოფილებს და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაცია მივიღოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.