ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციურ საავადმყოფოში “ფაიზერის” ვაქცინის შესანახი სივრცეები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს შერჩეული აქვს 10 ძირითადი და 5 სარეზერვო კლინიკა, რომელიც ვაქცინის მიღებასა და შენახვას შეძლებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის რეგულირების სააგენტო, აღნიშნული კლინიკების მონიტორინგს ახორციელებს, რათა ყველანაირი ხარვეზი თავიდან იყოს აცილებული.

“დღეს მე ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა “ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად და ასევე ის სივრცეები, სადაც უშუალოდ პროცესი გაივლის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გათვალისწინებული იმისათვის, რომ პროცესი იყოს უსაფრთხო ჩვენი მედიკოსებისთვის და ასევე, რა თქმა უნდა შემდგომში მოსახლეობისთვის. ამ ეტაპისთვის ასევე დაწყებულია რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალურად შესწავლა, რადგან ამ ეტაპისთვის შერჩეულია 10 კლინიკა და კიდევ გვაქვს 5 სარეზერვო კლინიკა. მათ ჰქონდათ მიწოდებული ყველა ის მასალა, რის საფუძველზეც უნდა მოემზადებინათ ეს სივრცეები და რეგულირების სააგენტო დამატებით სწავლობს ამ სივრცეებს, რათა არ იყოს რაიმე ტიპის ხარვეზი უშუალოდ პროცესის დაწყების შემდეგ. მონიტორინგის საბოლოო შედეგის შემდეგ, ჩვენ გავასაჯაროებთ კლინიკების ჩამონათვალს”, – განაცხადა ტიკარაძემ.