საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ რეალურად არ მუშაობს არანაირი მექანიზმი, რამაც შეიძლება ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს. მისი თქმით, უნდა არსებობდეს სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი იხელმძღვანელებს და კრიზისის დაძლევის ღონისძიებები სწორად განისაზღვრება, მათ შორის სავალუტო ბაზართან დაკავშირებით, რამაც ლარზე ზეწოლა უნდა შეარბილოს, თუმცა, მისივე თქმით, ასეთი მექანიზმი მთავრობას ჯერჯერობით არ გააჩნია.

ლია ელიავას განცხადებით, ჯერჯერობით ლარს ინტერვენციები აცოცხლებს, რის გავლენაც კურსზე დადებითია, თუმცა უაღრესად ნეგატიურია ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკურ თამაშში არის ჩართული.  ელიავას განცხადებით, არადამაჯერებელია მთავრობის წევრთა განცხადებები ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელიც სამოქმდო გეგმას არ ემყარება და ხშირ შემთხვევაში, ფუჭი და უშედეგოა.

,,სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის მიღწევა თუ სურს, მთავრობას ამაში არავინ უშლის ხელს, მაგრამ მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ლარის გამყარებას და სტაბილურობას როგორ უნდა შეეწყოს ხელი, წარმოდგენა მიჭირს. ლარის კურსი პირდაპირ დამოკიდებულია სებ-ის ქმედებებზე, სხვას არ შეუძლია და ვერც ჩაერევა ამ პროცესში. ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნიდან ფულის გადინების პროცესი, რის ერთადერთი მარეგულირებელი ეროვნული ბანკია, რომელსაც არ გააჩნია სავალუტო პოლიტიკა და ამ საკითხს ვერ აგვარებს. ერთია, როდესაც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი რაღაცას საჯაროდ ამბობს, პიარის ნაწილია, მაგრამ გეგმა, რომელსაც უნდა მიყვეს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია, სავარაუდოდ, არც გააჩნია. გვანახონ სამოქმედო გეგმა,  როგორ აპირებენ ლარზე ზეწოლა შეარბილონ, ინფორმაციებს დრო და დრო, სადღეგრძელოების სახით გვაწვდიან და ასე საქმე არ გამოვა. ამასობაში ფული გადის ქვეყნიდან, სიღარიბე, ერთობლივი მოხოვნის შემცირებაა და როგორ მეორევა მთავრობა ამ პრობლემას, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული”, – აცხადებს ლია ელიავა.

მისი თქმით, ინტერვენციები რომ არა, ლარი უკვე კატასტროფულად იქნებოდა გაუფასურებული, მაგრამ სებ-ი ჯერჯერობით ინარჩუნებს გაცვლით კურსს მეტნაკლებად სტაბილურ დონეზე. 

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა ის დარტყმა, რომელიც ლარმა ეპიდემიის პერიოდში მიიღო, შეარბილოს.

მისივე თქმით, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, რისი შედეგიც სავალუტო კურსზეც აისახება