შეზღუდვები საქართველოს ავიაციაში მოიხსნა და კომპანიებს სასურველი სიხშირით ფრენები შეუძლიათ, თუმცა ბარიერი ისევ არსებობს. როგორც ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, ქვეყნების დიდ ნაწილში შეზღუდვები გრძელდება, რის გამოც რიგი მიმართულებებით ფრენები რეალურად ვერ სრულდება. ასეთი კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაა. გარდა ამისა, როგორც ზაუტაშვილი ამბობს, მიუღებელია ,,პისიარ” ტესტების ვადასთან დაკავშირებით პირობები, რის დაკმაყოფილებაც მომხმარებლების მხრიდან რეალურად წარმოუდგენელია.

,,საქართველოს მიერ შეზღუდვების მოხსნა სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ავტომატურ რეჟიმში ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მოიხსნა მიმღები ქვეყნების მხრიდანაც. მარტივი მაგალითია, თუკი აქედან მიეცა კომპანიას ფრენის ნებართვა ამსტერდამის, ვენის მიმართულებით, მეორე მხარეს, იგივე ავსტრიას, არ მოუხსნია შეზღუდვა და ბინადრობის მქონე პირების გარდა, ის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს არ უშვებს საკუთარ ტერიტორიაზე. კარანტინი გრძელდება ბევრ ევროპულ სახელმწიფოშიც. აქედან გამომდინარე, შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ საქართველოს მხრიდან არ უიოლებს მდგომარეობას ავიაკომპანიებს, რომლებსაც ფრენის სურვილი გააჩნიათ. თუმცა ისრაელის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენების განახლება შესაძლებელია. პრობლემაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბევრი ქვეყანაა ჯერ კიდევ, რომელიც 72 საათიან ,,პისიარ” ტესტებზე უარს ამბობს და არ იღებს მგზავრებს, რომლებსაც ასეთი ტესტი გავლილი აქვთ. 4-5 საათიან ,,პისიარ” ტესტებს ითხოვენ, რაც წარმოუდგენელია, ამიტომ სწრაფად უნდა მოხდეს ვაქცინაცია, რის გარეშეც მგზავრების ზრდა წარმოუდგენელი”, – ამბობს იასე ზაუტაშვილი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მისი თქმით, რაც მეტად ახლოვდება მაღალი სეზონი (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით) ავიაციის სფეროში, მით მეტად გახშირდება ფრენებზე მოთხოვნა და კომპანიებს მგზავრთა გადაყვანის მეტი შესაძლებლობაც მიეცემათ. სავარაუდოდ, ამ დროიდან ევროპაც შეზღუდვებს უფრო შეამსუბუქებს.

პრობლემის მოგვარების მთავარ საშუალებად კი ექსპერტი ვაქცინაციის პროცესს მიიჩნევს და ამბობს, რომ ამის გარეშე დაბრკოლებების გადალახვა ვერ მოხერხდება.

,,მხოლოდ შეღავათების გაუქმება საქმეს ვერ შველის. ვაქცინაციის ეტაპი უნდა დაიწყოს და ვაქცინირებულ მგზავრებს ფრენის საშუალება მიეცეს. პანდემიამდე ნიშნულს არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ავიაცია დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. ავიაკომპანიების მაგალითზეც ვიცით, რომ გლობალურ ბაზრებზე პანდემიის განმავლობაში 12 უმსხვილესი ავიაკომპანია გაკოტრდა. 2020 წლამდელ ნიშნულამდე მისვლას იმ სტატისტიკით, შემოსავლებით და ბრუნვით, რაც ავიაციაშია, მინიმუმ, 4-5 წელი დასჭირდება”, – დასძენს report.ge-თან იასე ზაუტაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პარტნიორ ავიაკომპანიებს უკვე ყველანაირი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ სასურველი სიხშირით იფრინონ და ამავდროულად, ჩვენ ქვეყანაში უკვე 37 ქვეყნის მოქალაქეს, PCR-ტესტის რეჟიმით ან ჩატარებული ორი დოზა ვაქცინაციით, უკვე შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მას შემდეგ, რაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.