დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველებსა და გერმანელებს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს.

მისი თქმით, მთავარი განმასხვავებელი ისა, რომ გერმანელებს განვითარებული აქვთ დაკვირვების, ლოგიკური დასკვნისა და სწრაფი ცვლილებების უნარი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„გერმანიაში ხდება მუდმივი განვითარება: 1) დაკვირვების,2) ლოგიკური დასკვნის და 3) სწრაფი ცვლილების მეშვეობით. ესაა მათი ცხოვრების წესი.

სულ ელემენტარულშიც შეამჩნევთ ამას. მაგალითად, რაიმე საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთს ამჩნევ, რომ მისი ფორმა ან რაიმე დეტალი ვერ ასრულებს ეფექტურად მის დანიშნულებას. გაიფიქრებ: რა კარგი იქნებოდა ასე რომ გაეკეთებინათო და მალე, სულ რამდენიმე კვირაში ან თვეში აღმოაჩენ, რომ მართლაც გაუთვალისწინებია და შეუცვლია მწარმოებელს შეცდომა. ე.ი. დააკვირდა, დაასკვნა და სწრაფად შეცვალა.

იგივე მინახავს მაგ. ბავშვთა სათამაშო ან სპორტულ მოედნებზე, ტრანსპორტში, ავტობანებზე, საზოგადოებრივ ადგილებში. ამჩნევ, რომ ხარისხიანია, მაგრამ რაღაც დეტალი ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს დანიშნულებას ან ადამიანების უსაფრთხოებას, არაა სრულყოფილი. გაიფიქრებ: რა კარგი იქნებოდა, რომ ამაზეც ეფიქრათო და სულ მალე ნახავ, რომ მოსულა პასუხისმგებელი, დაუშლია ძველი და სწორედ ის შეცდომა გამოუსწორებია.

მუდმივი სრულყოფა – ეს მიდგომაა დასავლეთში ყველგან, ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში, განათლებაში, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, წარმოებაში თუ სხვა საქმიანობაში.
მთავარი ისაა, რომ ამგვარი მიდგომის კეთილი შედეგი უშუალოდ ადამიანებს ხვდებათ, უაზრო პრობლემებზე არ კარგავენ ძვირფას დროს, მშვიდად და კეთილდღეობაში ატარებენ სიცოცხლეს. მაგრამ ამისთვის საჭიროა: 1) დაკვირვება, 2) ლოგიკური დასკვნა და 3) სწრაფი ცვლილება.
ეს სამი კი ქართველებს ძალიან გვიჭირს. დაკვირვება საერთოდ არ მოგვდის თავში, ლოგიკური აზროვნება ჩვენში ემოციებს და გრძნობებს ჰყავს მთლიანად დატყვევებული და როგორც იტყვიან, სიკვდილივით გვეზარება რაიმეს შეცვლა.

საუკუნე გაივლის, სანამ რაიმე თავისი დინებით შეიცვლება ხოლმე ჩვენში. თითქოს რაღაც ცრურწმენის ტყვეები ვართ, რომ ვიღაცმ უნდა მართოს ჩვენი ცხოვრება. თავად კი არ ვბატონობთ მოსახდენზე, არამედ ძირითადად მომხდარი ბატონობს ჩვენზე და კარგადაც გვტანჯავს. აიძულე თავს ფიქრი, კარგად დააკვირდი, ცივი გონებით გამოიტანე ობიექტური დასკვნა და შეცვალე სწრაფად”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.