დაკარგულები, ახლობლები და ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები, დედები, შვილები, ნათესავები, ბავშვთა სახლები, სხვისი შვილების აღმზრდელები, ბავშვობა, წამოძახება – სხვისი შვილი ხარ, მერე გაყვითლებულ ფურცლებში ქექვა, სიმართლის წიგნში ნამდვილი მშობლების ვინაობის ძიება და შეხვედრა ოჯახთან… გამართლება ან ისევ მიტოვება, ისევ უარი და გულისტკენა – ეს მიტოვებული შვილებისა და მშობლების რეალობაა… 

სულ ცოტა ხნის წინ, “პრაიმტაიმი” დაკარგულ დედა-შვილზე წერდა, რომლებიც ერთმანეთს 18 წლის შემდეგ შეხვდნენ… ახლა, მსგავს ისტორიას გიამბობთ, ამჯერად დედა-შვილის პირისპირ შეხვედრა ვერ მოხერხდა, ძლივს ნაპოვნი დედა საზღვარგარეთაა და პირველივე რეისით ერთადერთ შვილს საქართველოში შეხვდება. ახლა, ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტებიან… კეთილი დასასრულის შესახებ ჩვენს მკითხველს 32 წლის ანა მახარაძე უყვება, რომელმაც შეძლო და დედა იპოვა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ის 3 დღის წინ, კვირას დამიკავშირდა. მშობლების პოვნის მიზნით, სტატიის დაწერა შევთავაზე. მაშინ, ქალაქგარეთ ვიყავი და თბილისში მოვდიოდი. 2 საათის შემდეგ, სანამ მას ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდებოდი, სოციალურ ქსელში შეტყობინება მისგან მივიღე – გავიგე მშობლები სადაც ცხოვრობდნენ, მივდივარ მათ სოფელში და მოგვიანებით, ყველაფერს მოგიყვები, ჩემი პირველი ვიზიტი ბიოლოგიურ ნათესავებთან, როგორ ჩაივლისო. მართალი გითხრათ, დიდი ინტერესით ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მძიმე, ემოციური ისტორია მსმენია და დამიწერია, ასე გული იშვიათად ამჩუყებია. ვუსმენდი თანატოლს და ვფიქრობდი, მისი თავგადასავლის მიხედვით, როგორ დაიწერებოდა თანამედროვე “იავნანამ რა ჰქმნა”…

როგორც ანამ გაარკვია, მას და დედას ერთმანეთი იძულებით დაათმობინეს, დედას უთხრეს, რომ მისი 10 დღის ჩვილი დაიღუპა, სინამდვილეში კი, მამის ოჯახმა ჩვილ ბავშვთა სახლში მიიყვანა, იქიდან  მშვილებელმა ოჯახმა 1 წლის ასაკში იშვილა და გაზარდა. ანას დედამ,  რაისამ მთელი ცხოვრება ანას მიუძღვნა, ქმრის ოჯახი დატოვა და მეორედ ქორწინებაზე არც უფიქრია – მას სჯეროდა, რომ ანა ცოცხალი იყო და ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა… ანა გამოჩნდა, ახლა 48 წლის რაისა მეზობელ ქვეყანაშია და შვილს მალე შეხვდება.

“8 წლის ვიყავი, როცა კლასელმა მითხრა, შენ არ იცი ვინ არის შენი ნამდვილი დედაო და გაიქცა. მაშინ, ამ სიტყვებს ვერ ჩავუღრმავდი, მაგრამ სულ მახსოვდა, ჯერ ჩემი აღმზრდელი მშობლების საახლობლოში დავიწყე ინფორმაციების მოძიება, მაგრამ სხვადასხვა ვერსიებს ვისმენდი. მართალი გითხრათ, ბიოლოგიურ ოჯახს დიდხანს არ ვეძებდი, რათა აღმზრდელებს გული რომ არ  სტკენოდათ. მათ განათლებაც მომცეს და საუკეთესო ბავშვობა მაჩუქეს. როგორც მოგვიანებით გავიგე, ვიღაც კაცმა ჩვილ ბავშვთა სახლში მიმიყვანა და იქიდან 1 წლის ასაკში  გავშვილდი.

გავიდა დრო, დავქორწინდი, თავად სამი პატარას დედა გავხდი. დედაშვილობის გრძნობის განცდამ ჩემი ბიოლოგიური დედის ვინაობის დადგენის სურვილი გამიმძაფრა. ცოტა ხნის წინ, არქივს მივმართე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, საქართველოს მოქალაქეები და მათ საზღვრის კვეთა  უფიქსირდებოდათ.

მერე მათი გვარის ( იმამკულიევი) ადამიანებს სოციალურ ქსელში დავუკავშირდი და ყველას ჩემი ბავშვობის ფოტოს ვუგზავნიდი. ასე გამომეხმაურა კაცი, რომელიც ჩემი ბიძაშვილი აღმოჩნდა, ბიოლოგიური მამის  ძმიშვილი. სადახლოში მიმიწვიეს, იქ ქმართან ერთად ჩავედი და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპის ისტორია. უზარმაზარი სუფრა გაშალეს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ნათესავი მყოლია. იქ გავიგე, რომ ჩემი მშობლები გაშორებულები ყოფილან და დედასაც სადახლოში უცხოვრია.

ამ ისტორიის ყველაზე მძიმე ეპიზოდი ისაა, რომ მამაჩემმა 18 წლის ასაკში 15 წლის დედაჩემი გააუპატიურა და ასე  ჩავისახე მე. დედაჩემის მამა ციხეში მჯდარა, ახლა ამბობენ, იმიტომ ჩაგაბარეთ ბავშთა სახლში, რომ ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ყველას  დაგვხოცავდაო. მითხრეს, რომ დედის დედაც თანახმა ყოფილა ჩემს ჩაბარებაზე, მაგრამ არ მჯერა. აღმოჩნდა, რომ ბიძაჩემს, მამას უფროს ძმას მივუყვანივარ ნუცუბიძის ქუჩაზე და 10 დღის მას  დავუტოვებივარ იქ.

მერე  ახლადნაპოვნ ნათესავებს დედის სახლის ნახვა ვთხოვე, იქვე უცხოვრიათ. დეიდა დამხვდა, როცა ვუთხარი ვინ ვიყავი, ტირილი დაიწყო. გარდაცვლილი მეგონეო, ჩემი და კი ამბობდა, შვილი არ  მომკვდომია, ცოცხალია და მას ველოდები, ვიცი ოდესმე  მომაკითხავსო. ამ იმედით მოვიდა აქამდე. იქვე სურათი გადამიღო და დედას გაუგზავნა, თბილისიდან სტუმარი მყავსო. დედამაც მოწერა, რა კარგი გოგოა, იქნებ ერთ დღეს ჩემი შვილიც  გესტუმროსო… ეს რომ წავიკითხე, გული მომიკვდა.  დეიდამაც ვერ გაძლო და დედას უთხრა, შენი შვილიაო. იმ წამსვე დარეკა, ხმას ვერ იღებდა, მორიდებით ტიროდა და მეფერებოდა. მეც ვათვალიერებდი, ვუყურებდი და ფიზიკური მსგავსება მაოცებდა. გავიგე, რომ დედა აზერბაიჯანში ყოფილა, ბაქოში. იქაც და და  დიშვილები არიან და მათთან ერთად ცხოვრობს.

ნათესავები ბაქოში ძალიან მალე დედასთან შეიკრიბნენ და ყველა მესაუბრებოდა, ყველა გახარებული იყო ჩემი გამოჩენით. დედას ჩემი ისტორიის მოყოლა ვთხოვე, თავიდან იუარა, როცა ჩამოვალ პირისპირ გეტყვი ყველაფერსო, ვერ მოვითმინე ც ხდა მაინც მოვაყოლე.

“მამაშენმა რომ გამაუპატიურა და ორსულად დავრჩი, ჩემზე არავის უზრუნია, მარტო ვიტანდი ყველაფერს, მაშინ 14 წლის ვიყავი და 15 წლისას უკვე  შემეძინე. გაუპატიურების  სტრესზე ენა დამება და  ლოგონევროზი დამემართა. მერე 9 თვის თავზე შენ გაჩნდი და როცა სამშობიაროდან გამოვედი, ბაბუაშენი (მამის მამა) მოვიდა, ქართულად დაწერილ საბუთზე ხელი მომაწერინა, თანხმობა უნდათ, რომ ინკუბატორში გადაიყვანონ, სუსტი ბავშვიაო. ხელი მოვაწერე, მე არ წამიკითხავს რა ეწერა, რადგან ქართული წერა-კითხვა ახლაც არ ვიცი. იაშვილის კლინიკაში არისო, ასე მითხრეს. მეორე დღეს ჩამოვედი და იქ ვერ გიპოვე, მერე ბაბუაშენმა მითხრა, ბავშვი დაიღუპაო. ამ  სტრესზე მეხსიერებიდან რაღაცები დამავიწყდა, მაგრამ ნათლად მახსოვს, ჩახუტებული, ხელში აყვანილი როგორ  დამყავდი სამშობიარო ბლოკში.

ვერ დავიჯერე და არც მიცდია, თავი დამერწმუნებინა, რომ მართლაც დაიღუპე, მამაშენის ოჯახი, სოფელი, საქართველო დავტოვე და ჩემს დასთან ბაქოში წამოვედი. არაერთი მთხოვნელი მყავდა, მათ შორის,  სადახლოელებიც, რომლებმაც მომხდარზე ყველაფერი იცოდნენ… არ გავთხოვილვარ, იმედით გავაგრძელე ცხოვრება, რომ ღმერთი სასწაულს მოახდენდა და სიკვდილის წინ მაინც შემხვდებოდი… ახლა, ჩიყვი მაქვს, გულიც მაწუხებს. ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მაგრამ მგონია, რომ მეორედ დავიბადე, წართმეული და მკვრად გამოცხადებული შვილი, რომლის გამოჩენას 32 წელი ველოდი, გამოჩნდი, შემპირდი რომ არ გაქრები და არ მიმატოვებო, მითხრა დედამ.

როცა გავიაზრე, რისი გადატანა მოუწია 14 წლის ასაკში, როცა ერთადერთი შვილი მკლავებიდან გასტაცეს, მკვრად გამოუცხადეს და მაინც ჩემზე მოგონებებით გააგრძელა ცხოვრება, ყველა წყენა გამიქრა. თბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ყველაფერი დამავიწყდა. ის საოცრად თბილი, თავდადებული და კულტურული ქალი აღმოჩნდა. მართალი გითხრათ, როცა საბუთებიდან გავიგე, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების შვილი ვიყავი, ცოტა შემეშინდა.

აღმზრდელებმა ქართულად აღმზარდეს, არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს, მაგრამ შემეშინდა, ვაითუ სადახლოში ჩასულმა აღმოვაჩინო, რომ დედა ღრმა აზერბაიჯანელია, რომელმაც შესაძლოა, არც ქართული და არც რუსული იცოდეს-მეთქი. როცა მას პირველად ვესაუბრე, ძალიან გამიხარდა, რომ კულტურული, სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა. სულ 3 დღეა, რაც ჩემი ნათესავები გავიცანი და ამ 3 დღეში, რამდენჯერმე მიკავშირდებიან. დედა ხშირად მირეკავს და მემუდარება აღარ მიმატოვოო… ასეთ ქალს ზურგს როგორ ვაქცევ?!

რაც შეეხება მამას, მამის ოჯახმა მითხრა 2005 წლიდან ბაქოშია, მანამდე მოსკოვში ცხოვრობდაო. მამის ნომერი ვთხოვე და მითხრეს, არ ვიცით, არ გვეკონტაქტებაო. ახლა მას ბაქოში ვეძებ. მინდა, მასაც მოვუსმინო. იქნებ, მასაც მკვდარი ვეგონე ამ ხნის განმავლობაში? იქნებ ისიც ელოდება ჩემს გამოჩენას? არ ვიცი, ბევრ ვერსიას ვისმენ. თითქოს ყველა თავს იმართლებს და განტევების ვაცს ეძებენ. მე კი, დამნაშავე აღარ მაინტერესებს, მინდა მათთან კონტაქტი, თუ რა თქმა უნდა, მათი სურვილიც იქნება.

დედამ მთხოვა, ოღონდ ჩემზე უარი არ თქვა და თუ გინდა, არ ვიტყვი არსად, რომ დედაშენი ვარ, საიდუმლოდ შემხვდი ხოლმეო. სამწუხარო ისაა, რომ მას, როგორც ბებიას ჩემს შვილებს ვერ გავაცნობ, რადგან სახლში აღმზრდელი მამიდა მყავს, რომელიც ასაკშია. მისი ხასიათიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ამ ამბავს ცუდად მიიღებს და ინერვიულებს, ამიტომ ცოტა დრო დამჭირდება, რომ დედის დამალვა არ მომიწიოს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე, აქ, საქართველოში შევხვდებით, დედა, დეიდა და დეიდაშვილები მალე ჩამოვლენ.

სრული ბედნიერებისთვის მამის პოვნა მჭირდება. დედას ვთხოვე, აპატიე მას ყველაფერი, ის რომ არ ყოფილიყო, შენს ცხოვრებაში მეც ხომ არ ვიქნებოდი და ახლა, ვეღარ მოგაკითხავდი-მეთქი. შემპირდა ვაპატიებო… საოცარი გრძნობაა, როცა შენთვის ყველაზე უცნობი ადამიანები, ყველაზე ახლობლები აღმოჩნდებიან. როცა 32 წლის მერე, ისე მიგიღებენ, თითქოს ეს პერიოდი ერთად გაატარეთ, თითქოს ცალკე არც გვიცხოვრია. ყველა დედას და შვილს მინდა ვთხოვო, ფარხმალი არ დაყაროთ, როცა გგონიათ, რომ ვერაფერს იზამ, სწორედ მაშინ, იპოვი მას, ვინც შენია. 32 წლის “მკვდარმა” ოჯახი ვიპოვე.” – ამბობს ანა მახარაძე.