თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე…“ – ასე იხსნებდა ქართველ მებრძოლს, ფორე მოსულიშვილს იტალიელი თანამებრძოლი.

ფორე მოსულიშვილი სანამ იტალიაში თავისუფლების იდეისთვის იბრძოდა და ეწირებოდა, მანამ იყო ბავშვობა, სტუდენტობა, ომი, ტყვეობა, პარტიზანობა და ბოლოს – გმირობა. გმირობისთვის კი, იტალიის პირველი პირისგან უმაღლესი ჯილდო ერგო, მაგრამ მას უცხო მიწას აბარებდნენ…

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ყველაფერი ასე დაიწყო…

კახელი ფორე სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო მაჩხაანში 1916 წელს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში სწავლობდა. ის 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს.

გერმანული ტყვეობიდან პოლონურ-ფრანგულ-იტალიური “არდადეგები”

მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში გადიოდა. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში… ერთ–ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს.

სხვა ტყვეებთან ერთად ფორე პოლონეთში, კრუშინას (პოლონურად Kruszyna) საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც გადაბირებულ ქართველ სამხედროთა გადამზადების ცენტრი იყო.

აქ ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ვერმახტის ძალებისთვის ამზადებდნენ.

1943 წლის ბოლოს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია).

1944 წლის 7 სექტემბერს ფორე მოსულიშვილი 70-ზე მეტ ქართველთან ერთად იტალიელი პარტიზანებისკენ გადავიდა, რომლებიც გარიბალდის ბრიგადის სახელით მოქმედებდნენ. ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს. ფორე გარიბალდის რემო სერვადეის სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის, „პეპინოს“ ქვედანაყოფ „არმანდოში“ მოხვდა.

ქართველი მებრძოლის იტალიური ბრძოლა თავისუფლებითვის

პირველი საბრძოლო ოპერაცია „არმანდომ“ 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან ​ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელ გრატა გამოიხსნა. ამ შეტაკებისას ფორემ დაცვა უხმაუროდ მოხსნა და საშუალება მისცა რაზმს შენობა დაეკავებინა. მალე ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა – ადგილმდებარეობას არ ვიცნობ კარგად და არც იტალიური ვიციო…

1944 წლის სექტემბერში მისი რაზმი დაბა დომოდოსოლოს რაიონში იბრძოდა, სადაც 30 გერმანელი ჯარისკაცი გაანადგურეს, ხოლო ფორემ ხიდი დაცვის ცხვირწინ ააფეთქა, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და ქ. სტერზას ლუდხანაში თამამად შევიდა, ერთ–ერთ ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და პარტიზანთა ბანაკში ასე მიიყვანა…

პარტიზანი კახელი

ნაცისტებმა გადაწყვიტეს პარტიზანები გაენადგურებინათ და გარიბალდის 118-ე „რემო სერვადეის” ბრიგადაზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს, რომელიც მცირე დანაყოფებად დაიშალა და ვაფენ-სს-ის მე-16 მოტორიზებულ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის (მეთაურო – სს-ის ობერფიურერი ოტო ბაუმი) შენაერთებთან ბრძოლა ისე განაგრძო, რაც სავსებით შეესაბამებოდა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, „მოტტა როსსა“-ს გორაკზე მდებარე ერთ „ბაიტაში“ (ბაიტა – იტალიურად, მწყემსების ქოხი, უდუღაბოდ ნაშენი) ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი „არმანდო“ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის სამასკაციანი დაჯგუფების ალყაში აღმოჩნდა.

პარტიზანულ ქვედანაყოფ „არმანდოში“ იმჟამად მყოფი 17 პარტიზანიდან 7ქართველი იყო: ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი (რაჭა), შოთა ბექაია (სამტრედია, დიდი ჯიხაიში), ვლადიმერ ჭეჟია (ზუგდიდი), ზაქარია თომაშვილი. ცნობილია რამდენიმე იტალიელის ვინაობაც: ედო დელ გრატა, რაზმის მეთაური სოფელ რიგლიონედან (ქალაქ პიზა-ს კომუნა); მარიო ძინონი, სოფელ კოლაცადან; ფენტო ფერეტი, ქალაქ ომენიიდან.

გაფთროებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანებიდან ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა, ამასთან ვაზნებიც შემოელიათ. ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ. რაზმის მეთაური მარიო ძინონი იხსენებს:

“ერთმანეთს გადავხედეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა:

“მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ 16 კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე…” – იხსენებდა მეთაური.

მადლობა თავგანწირვისთვის – იტალიის პრეზიდენტი ფორე მოსულიშვილზე

იტალიის მთავრობამ ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა სათანადოდ დააფასა და 1970 წლის 28 თებერვალს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის სიკვდილის შემდგომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (d’Oro al Valor Militare alla Memoria).

დაჯილდოების ტექსტში ნათქვამია:

“ქართული ჯგუფის უნტერ-ოფიცერმა გერმანულ არმიას 70-მდე თანამემამულე სრული შეიარაღებითა და აღჭურვილობით გამოსტაცა და შედიოდა როგორც პარტიზანი იტალიურ მოქმედ შენაერთებთან ლომბარდიაში, რითაც თავი გამოიჩინა სამხედრო ნიჭითა და თავისუფლებისადმი რწმენით.

სასტიკი თავდაცვითი აქციისას, თავისი ქვედანაყოფიანად ალყაში მოქცეულმა, გრძელი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, როცა საბრძოლო მასალა სრულიად ამოეწურათ და მტერი მოითხოვდა, რომ ყველას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, თუკი მეთაური დანებდებოდა, მან სტიქიურად და გმირული ჟესტით შეცვალა თავისი მეთაური და განაცხადა, რომ თავად იყო მეთაური.

იმავდროულად, უცაბედად, მან პისტოლეტი ამოიღო და იძულებული იყო, საფეთქელში დაეხალა ბოლო ტყვია, შეძახილით: „გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს იტალიის თავისუფლებას!“

ჯარისკაცის, მეომრის, იარაღის თანამოძმის ბრწყინვალე ფიგურამ, ყოველგვარი წარმომავლობისა და საზღვრების მიღმა, შეძლო ერთ იდეალში შეერთებინა თავისი სამშობლოს სიყვარული, რაც თავისუფალ ადამიანებს ახასიათებს. (მოტარონე – ლესა (ნოვარა), 3 დეკემბერი, 1944)

ოქროს მედალი “მხედრული მამაცობისათვის” იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი და ყველაზე საპატიო ჯილდოა. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად ითვლება და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს იმ ჯარისკაცს, რომელიც ამ მედალს ატარებს. ოქროს მედლის კავალერთა რიცხვი მცირეა და იშვიათად თუ გადაეცემა მფლობელს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ცოცხლები აღარ არიან…” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ფიოდორ პოლეტაევთან ერთად ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია, რომელიც იტალიამ თავის ეროვნულ გმირად აღიარა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური
წყარო პრაიმტაიმი