ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ პერიოდს იხსენებს, როცა სამშობლოდან უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო, ნაცნობების გარეშე აღმოჩნდა და თავიდან მოუწია ცხოვრების დაწყება.

“წლების წინ იტალიაში რომ ჩავედი, ერთი დაბნეული სიფრიფანა გოგო ვიყავი, ტირილისგან თვალებჩაწითლებული.
რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა გამეტანა თავი ისიც კი არ ვიცოდი. მკერდში ისევ რძე მედგა, მეძუძური დედა მერქვა. ერთი წლის შვილი დავტოვე და საშოვარზე წავედი. მკერდი მასკდებოდა, შხაპის დროს ხელით ვიწველიდი რძეს. მტკიოდა მთელი სხეული, ყველაფერი მეწვოდა. გული საქართველოში იყო ჩემს შვილთან, სხეული და გათიშული გონება იტალიაში.

ქალაქ პრატოში ვია სანტა ტრინიტაზე მიმიყვანა ქალბატონმა ნანამ დამსაქმებელი დარეჯანის ერთოთახიან ბინაში, სადაც დაახლოებით 7 ქალი ვცხოვრობდით, ან როგორ ვეტეოდით, წარმოდგენა არ მაქვს. ყველანი უმუშევრები ვიყავით. ზოგი ჩემსავით ახალი ჩამოსული, ჩაოს მეტი რომ არაფერი იცოდა იტალიურად. ერთმანეთს ვამხნევებდით და ვეხმარებოდით. ყოველ დღე დავდიოდით კარიტასში, სადაც უფასო საკვებს გვაძლევდა ადგილობრივი მთავრობა. რასაც იქვე ვჭამდით ხო კარგი, რასაც არა და სახლში მოგვქონდა. იქ ვხვდებოდით სხვა ქართველებსაც და კარიტასი ჩვენი სასადილო იყო. უგემრიელესი კერძები ჰქონდათ, სისუფთავესაც მკაცრად იცავდნენ, ყველა გვიღიმოდა და სიყვარულით გვემსახურებოდა.

ერთი ნაკლი ჰქონდა იქაურობას, შეიძლება შენს წინ მაგიდაზე ვიღაც სუნიანი ბომჟი დამჯდარიყო, რომლის დანახვა მადას გიკარგავდა და დარჩებოდი მშიერი. ან თავი უნდა დაგეხარა და ისე გეჭამა. ეს ყველაფერი გამოცდილი აქვს ყველა ახალ ჩასულ ემიგრანტს იტალიაში, რომელიც მართლა ჯიბე გაფხეკილი ჩადის. იყო სხვა კარიტასიც სადაც სუფთა, მეორად ტანსაცმელს გვაძლევდნენ. ასე თუ ისე თავი გაგვქონდა უმუშევრად მყოფ ქართველებს.

ასე მომიწია სამი თვე დარეჯანის სახლში უმუშევრად ჯდომა. ნელ-ნელა ვიცნობდი სხვა ქართველებსაც და იტალიურ ენასაც ვსწავლობდი. რვეულში ჩამომიწერეს ყველა საჭირო სიტყვა. პირველი სიტყვა რაც ვისწავლე იყო ბადანტე, მომვლელი, მოსამსახურე. ვიცოდი რომ ეგ უნდა ვყოფილიყავი და მოხუცთან მემუშავა.

პრატოში ცხოვრობდა დამსაქმებელი მზია. იმას გაუგია, ახალგაზრდა ლამაზი, ახალიჩამოსული გოგოა დარეჯანთანო. მოვიდა, თავისთან წამიყვანა, დამაპურა, მომიარა და სამსახურში შემიყვანა. მზიასთან კაი ხანია შეხება არ მაქვს, მაგრამ ვინც ამას წაიკითხავთ, გადაეცით რომ მისი მადლიერი ვარ და ყოველთვის სიყვარულით ვიხსენიებ.

ჩემი პირველი სამსახური იყო პრატოში ვია ტაკაზე, ცენტრში, სინიორა ლედასთან. მისმა შვილმა, სინიორ პაულომ ისე თქვა ხოობა ჩემზე რომ არც კი დაფიქრებულა. არაუშავს, ენას ჩვენ ვასწავლითო.
დავიწყე მუშაობა უსაყვარლესს ქალბატონთან, რომელიც ძალიან მორწმუნე იყო და ყოველ დილა საღამოს მასთან ერთად როზარიოს ვკითხულობდი. მამაო ჩვენო და ავე მარინა იტალიურად კვლავაც მახსოვს.

სინიორ პაულოს ჰყავდა უსაყვარლესი მეუღლე ანა, რომელმაც იტალიურ სკოლაში მიმიყვანა რომ ენა მესწავლა. ერთ კორპუსში ვცხოვრობდით, ერთ სართულზე, ოღონდ სხვადასხვა ბინაში. მე და სინიორა ლედა ერთად, სინიორ პაულო და ანა ცალკე.
ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს და ყოველ საღამო ჩემს საშინაო დავალებებს ამოწმებდა პაულო და ანა.

შაბათ-კვირა ზღვაზე ვია რეჯოში, ზოგჯერ მთის სახლში დავყავდით. ველოსიპედზე ჯდომა და ტარება სწორედ ანამ მასწავლა. ყოველ კვირა დილას კოლაციონს ბარში ვაკეთებდით ხოლმე.
ეს ოჯახი რომ არა ალბათ მე დღეს ქალად ვერ ვიქცეოდი. სწორედ მათ მიბიძგეს რომ მე ფლორენციის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე გამეგრძელებინა სწავლა. მათ სჯეროდათ ჩემი შესაძლებლობების. მათ უხაროდათ ჩემი ყველა პატარა წარმატება და ბედნიერება. გაგიჟდნენ როცა დამინახეს TV პრატოზე და ადგილობრივ გაზეთში დაწერილ სტატიებს ჩემზე ხმამაღლა უკითავდნენ მეგობრებს. ამაყობდნენ ჩემით. სინიორა ლედა ჩემს ხელში დაიღუპა. ზუსტად ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მერე იყო ბევრი წარმატება და უნივერსიტეტის დამთავრება. სინიორ პაულო და ანა ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ. ჩემს შვილს ირაკლის სკაიპით იცნობდნენ. მამაჩემიც სკაიპით დავიტირე მათთან ერთად.

ჩემი ამერიკაში წასვლის იდეა არ მოეწონათ, უნდოდათ სულ მათთან ახლოს ვყოფილიყავი. აქ რომ ჩამოვედი თვალს ადევნებდნენ ჩემს ამერიკულ ცხოვრებას, ჯერ კოლეჯში, შემდეგ კოლეჯის გარეთ. დღემდე უმაგრესი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის ვურეკავთ და ვკითხულობთ ერთმანეთს.

ახლა გავიგე რომ სინიორ პაულო ძალიან ცუდათ არის. პრატოს საავადმყოფოში წევს და გულზე დიდი პრობლემები აქვს. სულ რაღაც 71 წლის არის. ძალიან განვიცდი, ასე მგონია მამაჩემია ცუდათ. ჩემთვის რომ სწორედ მამა იყო, მამობილი. წვეთოვანი უდგას და ჟანგბადის ბალონზეა შეერთებული.
ყველას გთხოვთ ვისაც ღმერთის გწამთ და არ გწამთ, გთხოვთ ყველამ ილოცეთ მის გადასარჩენად და ლოცვებში მოიხსენიეთ, პაულო ბესი. უმაგრესი ადამიანი, ზე-ადამიანი, ჩემი იტალიელი მამა.
მიყვარხარ სინიორ პაულო და მინდა რომ კარგად იყოთ. მთელი ჩემი სული და გულით ვთხოვ უფალს რომ მალე გამოჯანმრთელდეთ.

ღმერთო ძლიერო, ნუ გაწირავ ამ კეთილ ადამიანს. მიეცი დიდი ხნის სიცოცხლე. რომ შემეძლოს ჩემს ხუთი წლის სიცოცხლეს დავიკლებდი და მას მივცემდი.
გთხოვ უფალო გადაარჩინე.
მიყვარხართ სინიორ პაულო. მადლობა ყველაფრისთვის”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.