სოციალურ ქსელში ვრცელდება ქართველ ემიგრანტთა საორგანიზაციო ჯგუფის პეტიცია, რომლის ადრესატი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია:

ადრესატი: საქართველოს მთავრობა, საქართელოს პრემიერ-მინისტრი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ბატონო ირაკლი!

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები, ამჟამად ემიგრაციაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა მათი გაღატაკება და სხვათა მონებათ ქცევა, როგორც ეს გააკეთეს წინამორბედმა მთავრობებმა.

კარგად მოგეხსენებათ ქართული ემიგრაციის როლი საქართველოს ეკონომიკასა და, საერთოდ, ქვეყნის მასობრივი შიმშილობისაგან გადარჩენაში. ახლა იმის დრო არ არის, ერთმანეთს ლამაზი სიტყვებით ველაპარაკოთ, ჩვენ არ ვაპირებთ არც ამას და არც კეთილი ნების გამოჩენის თხოვნას, პირიქით, ჩვენ გეუბნებით მწარე სიმართლეს და მოვითხოვთ მთავრობისაგან კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოვალეობების შესრულებას.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ემიგრაციაში წასვლა არ უკავშირდება ჩვენს არჩევანს და უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაოს არჩევას, არამედ პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ 30 წელიწადში არც ერთმა მთავრობამ არ შექმნა სამუშაო ადგილები და მთლიანად ეკონომიკა, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა შრომითი ბაზრის მოთხოვნილებას, ამიტომ ჩვენ, შრომისუნარიანი მოქალაქეები, რომლებზედაც პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიმის განვითარება, იძულებული ვიყავით, უცხო ქვეყნებში გვეძებნა სამსახურები, რამაც გამოიწვია 3 700 000-იანი ერიდან 2 000 000-ზე მეტის ქვეყნიდან გასვლა, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსათვის კატასტროფის ტოლფასია, თქვენმა წინამორბედმა კი, იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხს ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილი კლავს, ქასტინგი გამოაცხადა ქვეყნიდან წამსვლელთა მსურველებისათვის.

ბუნდოვანია, რა პოლიტიკას ატარებს 3 თვის წინ არჩეული პოლიტიკური პარტია. თუ ქვეყნის ხალხისაგან დაცლა და გასაყიდ ტერიტორიად აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ლოგიკურია ეს ქმედება, თუ არა, მაშინ გაუგებარია ეს ყველაფერი.

ბატონო ირაკლი, ჩვენი უმრავლესობა დავბერდით ემიგრაციაში, მაგრამ ჯერ კიდევ შრომისუნარიანებს, ყველანაირი დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს და წინ უცხო მიწაზე გარდაცვალების პერსპექტივის მეტს ვერაფერს ვხედავთ, დიდხანს ველოდით, რომ ვინმე რაიმე პოლიტიკას გაატარებდა რე-ემიგრაცისათვის, მაგრამ მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ ემიგრანტები, ხოლო დანარჩენი დრო ზიან და ითვლიან ჩვენს ტრანზაქციებს, ამიტომ ჩვენ მსოფლიო ქართველ ემიგრანტთა ალიანსმა გადავწყვიტეთ გავემიჯნოთ პოლიტიკას და ვიზრუნოთ მხოლოდ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, რომელთა კანონიერ ადგილებს უცხოტომელები იკავებენ საქართველოში.

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ საკითხების სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტაში, შექმნათ სამუშაო ჯგუფი ან კომისია, რომელიც მოამზადებს მთავრობის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში გასატანად.

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ კომისიასთან და მივაწოდოთ ჩვენი ხედვა, რომელიც დიდი ხანია დეტალურად გვაქვს დამუშავებული და იქ შეუსრულებადი არაფერია, სრულიად შესაძლებელია მთავრობამ შექმნას 4-5-წლიანი პროგრამა, რომელსაც კანონის სახე ექნება და რომლითაც 1 000 000 მოქალაქეს საშუალებას მისცემს, ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, პარალელურად ეს პროექტი პირდაპირ გავლენს იქონიებს ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ხმა იქნება გაგებული მთავრობის მხრიდან და ეს პეტიცია გადაიქცევა ემიგრაციის დაბრუნების ხელის შეწყობის პროექტად.

პატივისცემით,

ემიგრანტთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:

  1. ნანული გოგალაძე
  2. ქეთევან ჩხობაძე
  3. ნინო სვანიძე
  4. მადლონა თედორაძე
  5. ნანა ჩარკვიანი

პატივისცემით,
ლაშა გოლუბიანი

პეტიციაზე ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე:

manifest.ge