დიდი ხნის წინ საქართველოდან წასული ემიგრანტები, რომლებიც ძირითადად ოჯახში დამხმარეებად, ძიძებად და მოხუცების მომვლელებად მუშაობდნენ, ეპიდემიისას დასაქმება უჭირთ, მათი შემოსავლებიც შემცირდა და იძულებული არიან დაბრუნდნენ. თუმცა ნაწილი სამსახურის მოლოდინში მაინც საზღვარგარეთ რჩება, რადგან საკუთარ სამშობლოში  ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს. როგორც დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, ასეთია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც სამშობლოდან ლუკმა-პურის ფულის შოვნის გამო არიან გადახვეწილები. მათი უმეტესობა განსაკუთრებით შუახნის ასაკს გადაცილებული მოქალაქეები არიან, რომლებსაც უკვე დასაქმების ნაკლები შანსი აქვთ.

,,ეპიდემიის გამო ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ცხადია, რომ დასაქმება არ არის  ისეთი მარტივი, როგორიც აქამდე იყო. სოციალური დაცვაც საზღვარგარეთ შეუძლებელი ხდება და მაღალი რისკის გამო ბევრი სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს. ეს პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია. თუმცა ბევრია, რომელიც დაბრუნებას ვერ რისკავს.  ხალხი მზად არის ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდეს საზღვარგარეთ იმ იმედით, რომ მდგომარეობა შეიცვლება და დასაქმებას შეძლებს ან მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.  განსაკუთრებით უჭირთ მათ, რომლებიც შემოსავალს ფიზიკური შრომით შოულობდნენ. ასეთ შრომაზე მოთხოვნა მცირდება ანუ ხელით შესასრულებელი სამუშაოები არ იქნება მოთხოვნადი. მიმაჩნია, რომ ოჯახში დამხმარე, ძიძა და სხვა, უმეტესად დაბრუნებას არჩევს და ასეც უნდა მოიქცნენ, რადგან არსებული მდგომარეობა მათთვის არ არის მისაღები, უმეტესობა არალეგალია და არანაირი სოციალური დაცვა მათ მიმართ არ ვრცელდება“, – ამბობს სულაბერიძე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

report.ge თურქეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ემიგრანტს, ლარისა ოგბაიძეს დაუკავშირდა. შუახნის ასაკს გადაცილებული ემიგრანტი გვიამბობს, რომ ოჯახში გარდაიცვალა მოხუცი, რომელსაც უვლიდა და ახლა ახალ სამსახურს ეძებს. მისი თქმით, სამუშაო მეტნაკლებად არის, მაგრამ ხელფასები შეამცირეს, დოლარში არ ხდება ანაზღაურება და ამის გამო ქართველი ემიგრანტების დარჩენა თურქეთში თანდათან აზრს კარგავს.

,,დაახლოებით 12 წლის წინ სამშობლოში დავტოვე მოხუცი დედა და თურქეთში გამოვეშურე. ამ ხნის განმავლობაში წელიწადში  ორიოდე კვირით ჩამოვდიოდი და უკან ვბრუნდებოდი. თურქი მოხუცი 1 კვირის წინ გარდაიცვალა, ვირუსს ემსხვერპლა, დროებით დამტოვა სახლის პატრონმა, 3 დღეში აქაურობას დავტოვებ, მაგრამ წასასვლელი არსად არ მაქვს. თურქული კარგად ვიცი, მაგრამ ვერც ამან მიშველა,  ვისთანაც ნაცნობებმა მიშუამდგომლეს, დოლარში  ხელფასის გადახდაზე უარი მითხრეს, ლირა კი გაუფასურებული ვალუტაა, მთელი თვე რომ ვიმუშაო, რეალურად 300 დოლარზე მეტს ვერ გამოვიმუშავებ. ჯერჯერობით გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. სახლში დაბრუნებაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ შემოსავალს გავიჩენ”, – ამბობს ქართველი ემიგრანტი report.ge-თან.