“უთვალავი ფიქრი თუ ოცნება ირევა თავში, ისევ მოდის ახალი წელი, ისევ სხვის ჭერქვეშ, ისევ სხვა ტრადიციებითა თუ კერძებით, ისევ ფიქრი და დარდი საქართველოზე და ოჯახზე. რომელშიც შენს გარეშე შენს შვილებს ვერ წარმოუდგენიათ თუნდაც ერთი ღამის გათევა.

ერთდროულად გიხარია და გული გიჩერდება, შვილის წერილს რომ ნახულობ, “შენ გარეშე სახლი სახლი არააო”… გადაივლის ეს ზამთარი და ჩამოვალ, თუმცა ვიცი, ისევ ქაოსი და უქონლობა დაგვაღონებს, მაგრამ აუცილებელია, რომ დავბრუნდე.

… წუხელ ბებიას, ქალის, რომელსაც ვუვლი, ქალიშვილი მისი ოთახიდან გამოდის და ინტერესდება იმით თუ რა კერძები მიყვარს საახალწლო სუფრიდან. “ქართული რა შეგვიძლია შევიძინოთო? – მეკითხება… გამეცინა, დიდი მკეთებელი არაფრის არა ვარ მე, მაგრამ ხომ არ გავამხელდი და მხოლოდ ხაჭაპურით ავუხსენი. როცა გაიგო, რა მარტივი იყო ხაჭაპურის დაცხობა, სხვა არაფერი არ გინდაო, მკითხა.

მე იტალიური კერძები მიყვარს-მეთქი და გაეღიმა, არ დამიჯერა. პირველად ვიკვირვებდიხოლმე მათ საახალწლო ტრადიციებს და კერძების გემოს,ახლა სხვაგვარად ვუყურებ ყველაფერს, მართლაც მომწონს ბევრი რამ, გემრიელია და კარგია. ისე, როგორც ბაბუას ოჯახში, არც აქ მაძალებს არავინ მაკარონს, სრული ჰარმონია სუფევს ამ მხრივ ოჯახში. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩემი სახლი და ჩემი შვილები ტკივილამდე მენატრება… რა დაუნდობელია ეს ცხოვრება, სახლებს და ოჯახურ სითბოს მოგლეჯილი ქალები, ემიგრანტები სხვის ჭერქვეშ ვატარებთ დღესასწაულებს…

შარშან, ამ დროს ქუჩაში დავდიოდი და ვტიროდი, თან საკუთარ თავს ვთხოვდი, არ მეტირა, ძალიან უსუსური ვიყავი შარშან. ახლა კი აღარ ვტირი, უბრალოდ მიჭირს. დილა მშვიდი მაქვს ხოლმე, სახლთან კაფეა და ჩემი ბებოს გოგო შეუკვეთავს ხოლმე საუზმეს ჩემთვის და შემდეგ მიდის სამსახურში, მერე ოფიციანტი ამომიტანს,მეც ელექსირს მივიღებ დილისას, ამათ ენაზე0 კოლაციონს და ვიწყებ შემართებით მუშაობას.

ხვალ ღამით შობაა … უზომოდ მხიარულები იქნებიან, ვიცი და უფალს ვთხოვ, მომცეს ძალა, რომ მათი სიხარული გავიზიარო… მადლობას კი ყოველდღე ვწირავ ჩემს ღმერთს ჩემი მფარველობისთვის და ჩემი სიყვარულისთვის….

ეხ, მოდის .მოდის ისევ ახალი წელი ჩემი წილი სიხარულისა და ბედნიერების გარეშე… აქ არც ხაჭაპური გამახარებს,არც ბაჟეში დედალი და არც საცივში ინდაური, კიდეც რომ შემეძლოს კეთება. უნდა გავძლო, სანამ საჭიროა, უნდა ვიცხოვრო სხვისი ცხოვრებით, თუმცა მადლობა უფალს, რომ ეს სხვები კარგი ადამიანები არიან.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი: თეონა ჭანტურია