დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაავალა, მოქალაქეებთან ყოველკვირეული კომუნიკაცია იქონიონ.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გამგეობებში მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს უნდა გაიმართოს და მათ პრობლემებს მოუსმინონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის წევრებს ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა-თანადგომა და იცოდეთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ – ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შეიძლება, ბევრისთვის მერობა, დედაქალაქის მთავრობის წევრობა გარკვეული თანამდებობა იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენც ეს ძალიან კარგად გაქვთ გათავისებული, ეს არის თბილისელების მსახურება. ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარია საქმე და იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქში არსებობს, ღირსეული პასუხი და რეაგირება სჭირდება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოქალაქეთა ჩართულობა იმ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. მოქალაქეების მოსმენა, თუ ვის რა უჭირს, რა თანადგომაა საჭირო. ამიტომ, გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე – ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ მათ. კარგად მესმის, რომ რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ როცა რაღაცას ვერ ვუკეთებთ, ან რაღაც შეიძლება, კანონს ეწინააღმდეგებოდეს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და იცოდეს, რატომ ვერ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს და რატომ ვერ კეთდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს იწარმოებს დედაქალაქის მერიაშიც.