“მე გაყიდული ვარ, დედაჩემმა გამყიდა, ფული აიღო” – საუბარი ასე, ამ ტრაგიკული ფრაზით დაიწყო ახალგაზრდა ქალმა “პრაიმტაიმთან“.

რთულია, უსმინო გაყიდულ შვილს, რომელმაც არ იცის, რატომ და რისთვის… როგორ გაიმეტა დედამ სხვა ოჯახისთვის… ბევრი არაფერი იცის ბიოლოგიური დედის შესახებ, თუმცა იცის, რომ გურჯაანის სამშობიაროში დაიბადა, დედამ სამშობიაროდანვე გააშვილა. “მყიდველი” კი, მისი გამზრდელი მამიდა აღმოჩნდა, რომელსაც გურჯაანში ბევრი მეგობარი ჰყავდა…

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ისე გაიზარდა, რომ თავისი რეალური ისტორია არ იცოდა, ეჭვიც არასოდეს გასჩენია. გავიდა დრო, დაოჯახდა და ქმრისგან გაიგო, რომ ვისაც 36 წელი დედას ეძახდა, სინამდვილეში ის ქალბატონი მისი ნამდვილი დედა არ იყო. ქმარსაც “კეთილის მსურველმა” ამცნო “ახალი” ამბავი… თეა საღინაძე აჭარაში გაიზარდა, ახლაც ქობულეთში ცხოვრობს.

როცა თეამ სიმართლე გაიგო, ბიოლოგიური დედის ძებნა დიდხანს არ დაუწყია, რადგან მისმა კითხვებმა გამზრდელი დედა აანერვიულა. გაიგო მხოლოდ ის, რომ სამშობიაროდან მამიდამ წამოიყვანა. მის ბიოლოგიურ ოჯახზე დეტალური ინფორმაცია კი, მამამ და მამიდამ იცოდნენ… სამწუხაროდ, თეა მათგან სიმართლეს ვეღარ გაიგებს, ორივე გარდაცვლილია…

ახლა, თეას იმედი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც შეიძლება, რომ ამ ისტორიაზე რამე იცოდნენ…

“გურჯაანის სამშობიაროში 1998 წლის ივლისში დაიბადა. დაბადების მოწმობაში 14 ივლისი წერია. გამზრდელმა დედამ ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ არაფერი იცის. მამიდას გურჯაანში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ბავშვობაში მეც ხშირად ჩავყავდი ხოლმე. ალბათ, მეგობრების დახმარებით მოიძიეს დედა და მოილაპარაკეს. ვიცი, რომ დედამ გამყიდა, გაყიდული ვარ, ფული მამიდამ გადაიხადა. საქმის კურსში იყო მამაც, მაგრამ ახლა, ორივე გარდაცვლილია.

ჩემი რეალური ისტორია ქმრისგან გავიგე, მასაც სხვამ უთხრა. მაშინ, ძებნა არ დამიწყია, თუმცა გამზრდელ დედას კითხვები დავუსვი და ძალიან ინერვიულა.

დაიფიცა, რომ მან არაფერი იცის. დედა შემეცოდა, თურმე 15 წელი შვილს უიმედოდ ელოდა და ამის შემდეგ, მათ ცხოვრებაში მე გავჩნდი. მან არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქა, არაფერი დაუკლიათ ჩემთვის.

ნათესავებიდანაც ვერაფერს ვიგებ. ნაწილი ამბობს, რომ და მყავს, რომელსაც ფიზიკურად ძალიან მამსგავსებენ, ასევე ამბობენ, რომ დედა ქობულეთში ჩამოდიოდა და შორიდან მნახულობდა.

დანარჩენების თქმით კი, ბიოლოგიური დედა არასოდეს გამოჩენილა.

რა ვიფიქრო, ვის დავუჯერო არ ვიცი. ხშირად, სოციალურ ქსელში მწერენ კიდეც, სადღაც გნახეო, მაგრამ 20 წელია გურჯაანში არ ვყოფილვარ და როგორ მანხავდნენ?!

ჩემი ისტორია 16 წლის წინ გავიგე. ბოლო ერთი კვირაა, რაც დედის ძებნა დავიწყე.

სოციალური ქსელით ერთი ქალბატონი გამომეხმაურა, რომელმაც მითხრა, რომ გურჯაანის სამშობიარო დაიტბორა და არქივი განადგურდაო. მადლობელი ვარ უფლის, რომ კარგ ოჯახში გავიზარდე. საუკეთესო ბავშვობა მქონდა. თუ დედას ვიპოვი, გამზრდელ დედას არასოდეს მივატოვებ.

ახლა, ვეძებ ქალს, ვინც გამაჩინა. მის შესახებ არაფერი ვიცი. არ ვიცი, იმ დროს, რა მოხდა… ექიმებმა გამყიდეს, თუ შენ გამყიდე, არ ვიცი , რა გიჭირდა, ვერ გადანაშაულებ. მე, შენი შვილი გეძებ. მინდა გამოჩნდე, მინდა ვიცოდე, ვინ ვარ, ვინ ხარ, მყავს თუ არა და-ძმა.

ახლა ქობულეთის ციხისძირში ვცხოვრობ. დაბადების მოწმობა გამზრდელ მშობლებს აქვთ აღებული, მოწმობაში დაბადების თარიღად 14 ივლისი, 1984 წელი წერია. მონაყოლიდან ვიცი, რომ მნახულობდი სკოლაში, ასევე მაღაზიაში, რომელიც ჩვენ გვქონდა ეზოში, ციხისძირში.

თუ წაიკითხავ ამ სტატიას, ნუ იფიქრებ როგორ გამოჩნდე… გთხოვ, რომ არ ინერვიულო, მე შენ გელოდები.

ვინც იმ დროს, სამშობიაროში მუშაობდა, ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, ამ ყიდვა-გაყიდვაში ყველა დამნაშავე არ იქნებით, დედა მაპოვნინეთ გთხოვთ…” – წერს თეა საღინაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური