ლომბარდია დღეიდან, 24 იანვრიდან ისევ „ნარინჯისფერი“ გახდა მას შემდეგ, რაც შეცდომით ერთი „წითელი“ კვირა გაატარა. პრეზიდენტი ატილიო ფონტანა მართალი აღმოჩნდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის დადგენილება გააპროტესტა და გასულ ორშაბათს ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ფონტანა ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება მოძველებულ მონაცემებზე დაყრდნობით იქნა მიღებული.

სწორედ ამ შეცდომის გამო მოხდა პოლიტიკური  დაპირისპირება, გარდა ამისა, კომერციული მაღაზიების მფლობელები იმუქრებიან, რომ კოლექტიურ საჩივარს შეიტანენ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ რეგიონი 16 იანვრიდან, ვაჭრობის„ცხელ“ პერიოდში, წითელ ზონაში აღმოჩნდა? – შეცდომა იყო რეგიონის მიერ მიწოდებულ მონაცემებში, კონტროლის პალატის თუ ჯანდაცვის სამინისტროს გაანგარიშებაში? ლომბარდიის ნარიჯისფერ ზონაში დაბრუნების დადგენილებაში ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ლომბარდიის მიერ „შესწორებული“ მონაცემების საფუძველზე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ფონტანა კი ამტკიცებს, რომ რეგიონს არასწორი მონაცემები არასოდეს მიუწოდებია და, შესაბამისად, არც არაფერი გაუსწორებია და რომ მხოლოდ ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის თხოვნით გააუმჯობესა ზოგიერთი მონაცემი.

იგი აცხადებს, რომ სახელმწიფოს და რეგიონებს შორის მომავალ კონფერენციაზე მთავრობას სთხოვს, ამ უზუსტობის კონტექსტში, გამოყოს თანხა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც „რეგიონში შესაბამისი კატეგორიის სუბიექტებმა მიიღეს“.

ამ დროისთვის იტალიაში 14 რეგიონია ნარინჯისფერ ზონაში.

ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ნარინჯისფერ ზონაში გადავიდნენ: კალაბრია, ემილია რომანია და ვენეტო; ამ ზონაში დარჩნენ ისევ: აბრუცო, ფრიული ვენეცია ჯულია, ლაციო, ლიგურია, მარკე, პიემონტი, აპულია, უმბრია და ვალე დ’აოსტა. 24 იანვარს ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, დღეიდან ნარინჯისფერია სარდინია და ლომბარდიაც. სარდინია მანამდე ყვითელი ზონა იყო.

მილანში მაღაზიები დღეს დილიდან გაიხსნა და წინა ერთი კვირის მანძილზე დაცარიელებული ქალაქის ქუჩები ისევ ხალხით გაივსო, მით უმეტეს, რომ შესანიშნავი მზიანი ამინდი იყო.

ციცი ხაბელაშვილის ფოტოები: მილანი, 2020 წლის 24 იანვარი

ამჟამად წითელ ზონაშია სიცილია და ავტონომიური პროვინცია ბოლცანო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ფერის მიუხედავად ბოლცანო თავის პრეროგატივას იყენებს და მაღაზიები და ბარები მაინც ღიაა.

ცნობისათვის, გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 629 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ 2 466 813-ს მიაღწია; გარდაიცვალა 299 კოვიდინფიცირებული და მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვი 85 461-ს შეადგენს.

ნინო ხოშტარია

წყარო NOSTAL.GE