ლარის კურსმა გეზი გაუფასურებისკენ აიღო. ამის მიზეზი, ანალიტიკოს ნიკა შენგელიას შეფასებით, პოლიტიკური პროცესებია, რაც არასტაბილურობის განცდას იწვევს. შესაბამისად ადგილი აქვს ქვეყნიდან ფულის გადინების არასახარბიელო ტენდენციას, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად მოქმედებს.

,,არარეზიდენტი ორგანიზაციები, რომლებსაც ფული დაბანდებული აქვთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ან ,,ცხელი ფული” აქვთ შემოტანილი, კაპიტალი ქვეყნიდან გააქვთ. როგორც ხდება ხოლმე, ასეთი ფული ,,ინვესტიციებად” მიიჩნევა, მაგრამ აქედან 45% მიდის ფინანსურ ბაზარზე. მართალია, ფორმდება, როგორც ინვესტიცია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ,,ცხელი ფული”, რომლის გასტუმრების შემდეგ ხდება ქვეყნიდან კაპიტალის გატანა. როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ პოლიტიკური არეულობა იწყება ქვეყანაში, ცდილობს მაქსიმალურად გადაიტანოს ფული დოლარში და გაიტანოს ქვეყნიდან. შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში საგრძნობი გაუფასურება დაიწყება და დროულად უნდა მიიღოს ზომები ეროვნულმა ბანკმა, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორიც არ ჩაერთოს. ბუნებრივია,  კურსი თუ უფასურდება, ერთვება მოლოდინის ფაქტორი და ხალხი ყიდულობს დოლარს, სჭირდება თუ არა. არის კიდეც ამის ნიშნები, ლარის კურსმა დაიწყო გაუფასურება”, – ამბობს ანალიტიკოსი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ნიკა შენგელიას განცხადებით, გაუფასურების პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციაა.

,,კურსზე პოლიტიკური ფაქტორი მოქმედებს იქამდე, სანამ სიტუაცია არ დარეგულირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა და ნეგატიური პროცესები ფინანსურ ბაზარზე შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. თუმცა, რა ფაქტიც დღეს მოხდა, მხოლოდ დასაწყისია. ასე უცებ არ ჩაცხრება პროცესი, ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ 2 ნაბიჯი გადაიდგა უკან, ეს უკვე ნეგატიური ფაქტორია, იმისდა მიუხედავად, 1 კვირაში მელიას გამოიშვებენ თუ არა, მღელვარება გაგრძელდება. მართალია, ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, მაგრამ ის არ ფლობს ჯადოსნურ ჯოხს, ეკონომიკა აამუშავოს და მდგომარეობა ერთბაშად გაუმჯობესდეს”, – განაცხადა  ნიკა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარი 3.3169 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.0294 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3150 ლარად ივაჭრება.