კალიფორნიის დამკრძალავი ბიუროები COVID-19-ით გარდაცვლილთა ოჯახებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან. მიზეზი მორგებში ადგილების დეფიციტია. ამის შესახებ CTVnews იტყობინება.

“დამკრძალავ ინდუსტრიაში 40 წელია ვმუშაობ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს, შესაძლოა, მოხდეს და მე იძულებული გავხდები, ოჯახს ვუთხრა: არა, ჩვენ თქვენი ოჯახის წევრს ვერ წავიყვანთ”, – ამბობს Continental Funeral Home-ის მფლობელი მაგდა მალდონადო.

საშუალოდ მისი კომპანია დღეში 30 გარდაცვლილს იღებს, ეს ჩვეულ რეჟიმს 6-ჯერ აღემატევა. მორგების მფლობელები ერთმანეთს ურეკავენ კითხვით, შეუძლია თუ არა ვინმეს ცხედრის მიღება და პასუხი ერთია – ისინიც გადავსებულები არიან.

კალიფორნიის დამკრძალავი ბიუროების აღმასრულებელი დირექტორი ბობ აკერმანი ამბობს, რომ დაკრძალვისა და კრემაციის მთელი პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, მათ შორის გვიანდება გარდაცვალების მოწმობების გაცემაც.

მისი თქმით, ჩვეულებრივად კრემაციას ერთი ან ორი დღე სჭირდება, ახლა კი პროცესი ერთი კვირითა და მეტით იწელება.