„ჩემგან დრაგის ხელშეშლა არ ექნება. მოუთმენლად ველოდები პოლიტიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, დივერსანტები სადმე სხვაგან ეძებეთ“, – ამბობს მიმავალი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და ამშვიდებს თანამებრძოლებს „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“.

ეს განცხადებები ჯუზეპე კონტემ კიჯის სასახლის წინ გააკეთა მედიის წარმომადგენლებისთვის. წერს nostal.ge

„მე ყოველთვის ვმუშაობდი ქვეყნის სასიკეთოდ და იმისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ახალი მთავრობის ფორმირება. ამ თვალსაზრისით ვიმედოვნებ, რომ შეიქმნება პოლიტიკური მთავრობა, რომელიც მტკიცე და საკმაოდ შეკრული იქნება, რათა პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს… ჩემგან დრაგის არანაირი ხელშეშლა არ ექნება“, – აღნიშნა მან.

კონტეს თქმით, წინა დღით მარიო დრაგის შეხვდა და მასთან ხანგრძლივი და ძალიან გულახდილი საუბარი ჰქონდა: „[საუბრის] ბოლოს მე მას ვუსურვე კარგი მუშაობა. გამომიყვანეს, როგორც დაბრკოლება, როგორც ჩანს, არ მიცნობენ და არაკეთილსინდისიერად საუბრობენ. მოდით, „საბოტაჟნიკები“ სხვაგან ეძებეთ“, – განაცხადა კონტემ.

მან მადლობა გადაუხადა რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას და აღნიშნა, რომ „იგი იყო ღირსეული თანამოსაუბრე როგორც ინსტიტუციური, ისე პირადი ურთიერთობების დროს“.

ჯუზეპე კონტემ „5 ვარსკვლავის მოძრაობასაც“ მიმართა: „მეგობრებს „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“ ვეუბნები: მე აქ ვარ და ვიქნები… ვეუბნები ჩემს მეგობრებს Pd-ს (დემოკრატიული პარტია) და Leu-ს (Liberi e Uguali – „თავისუფლები და თანასწორები“), რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ალიანსი მდგრადი განვითარებისთვის, რომლის შენებაც დავიწყეთ, ძლიერი და კონკრეტული პროექტია… საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში პოლიტიკურ არჩევანს მოითხოვს და არ შეიძლება ის ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფს მივანდოთ“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამ პოსტს ასევე მალე დატოვებს, და „5 ვარსკვლავის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ კონტეს მადლობა გადაუხადა ამ სიტყვებისთვის:

„უღრმეს მადლობას ვუხდი კონტეს მისი სიტყვებისთვის, ინსტიტუციური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მან კიდევ ერთხელ გამოავლინა ქვეყნისთვის ურთულეს მომენტში. მთლიანად ვიზიარებ ძლიერი პოლიტიკური იმპულსის არსებობის საჭიროებას მთავრობაში, რომლის ფორმირებაც მოხდება… „მოძრაობა“ კონტეს მადლობელია და გააგრძელებს მთავარი მოქმედი პირის როლს მისი წყალობით“ (შეგახსენებთ, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობას“ მოქმედი პარლამენტის ორივე პალატაში, დეპუტატთა პალატაში და სენატში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს 2018 წლის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შედეგად).

ევროპა და საფონდო ბირჟები ძლიერი ფინანსისტის კანდიდატურას იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე აშკარა ენთუზიაზმით შეხვდნენ, თუმცა შეძლებს თუ არა იგი პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას? – ეს კითხვა უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.

მარიო დრაგიმ ახალი მინისტრთა კაბინეტის შესაქმნელად უკვე დაიწყო კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც შაბათს დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.

დრაგის უპირობოდ უჭერს მხარს მატეო რენცი („იტალია ვივა“), ვის გამოც წარმოიშვა იტალიაში პოლიტიკური კრიზისი.

სავარაუდოდ, მას მხარს დაუჭერს ბერლუსკონის „ფორცა იტალიაც“. ბერლუსკონი აცხადებს, რომ მატარელას მიერ მარიო დრაგის კანდიდატურის არჩევა მისი დამსახურებაა და პრეზიდენტმა მისი წინადადება გაითვალისწინა, აერჩიათ პრემიერის პოსტზე ადამიანი მმართველობის დიდი გამოცდილებით, რომლის გარშემოც გაერთიანდებოდნენ იტალიის საუკეთესო პოლიტიკური ძალები. „წინ, იტალიას“ ლიდერმა ისიც გაიხსენა, რომ მარიო დრაგი იტალიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად და შემდეგ ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაურად სწორედ მისი პრემიერობის პერიოდში აირჩიეს.

კონტეს დღევანდელმა განცხადებამ კი, სავარაუდოდ, დრაგის „5 ვარსკვლავის მოძრაობის მხარდაჭერაც“ მოუტანა, რომელიც აცხადებდა, რომ მის კანდიდატურას არ ემხრობოდა.

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, მათ შორის არის „ჩრდილოეთის ლიგა“ მატეო სალვინის მეთაურობით. წინა დღეებში „ლიგა“ დაბეჯითებით მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, გუშინ კი სალვინიმ განაცხადა, რომ „ლიგა“ თავის პოზიციას უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს – ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ მოცემულ ვითარებაში, თუ „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ მაინც ძველ პოზიციზე დარჩა, შესაძლოა სწორედ „ლიგაზე“ იყოს დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არათუ არა მარიო დრაგის ახალი მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

დრაგი „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ და „ლიგის“ ლიდერებს შაბათ დილით შეხვდება.

კვირინალეს სასახლეს ამ კონსულტაციებისთვის ვადა არ დაუწესებია, პრეზიდენტი ზომიერი ოპტიმიზმით შორიდან ადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად.

რაც შეეხება ჯუზეპე კონტეს, უცნობია, იქნება თუ არა ის ახალ მინისტრთა კაბინეტში – ამის შესახებ ჯერჯერობით არც თავად კონტეს და არც დრაგის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სამართლის პროფესორ ჯუზეპე კონტეს ისევ ეპატიჟებიან ფლორენციის უნივერსიტეტში, სადაც მას უკვე 22 თებერვლიდან, საგაზაფხულო სემესტრის დაწყებიდან შეუძლია დაბრუნდეს, – ამის შესახებ Adnkronos-თან ინტერვიუში დღეს, 4 თებერვალს ფლორენციის უნივერსიტეტის რექტორმა ლუიჯი დეიმ განაცხადა. რექტორის თქმით, ჯუზეპე კონტემ „3 წლის განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის სამსახურში“ და თუ იგი ახლა დაბრუნებას გადაწყვეტს, მას უნივერსიტეტში სიხარულით მიიღებენ.

ნინო ხოშტარია