იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ და მისმა მინისტრებმა ხანგრძლივი და მძიმე დებატების შემდეგ, რომელიც გუშინ, 19 იანვარს დილიდან მიმდინარეობდა სენტში (იტალიის პარლამენტის ზედა პალატა), შეძლეს არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების შენარჩუნება. ექსპერტების მიერ განხილულ სავარაუდო სცენარებში სწორედ ამგვარ ვარიანტს მიიჩნევდნენ ყველაზე რეალისტურდ. ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას გააგრძელებს.

მოქმედ მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა 156-მა სენატორმა, 140 წინააღმდეგი წავიდა, 16-მა თავი შეიკავა. ეს ნიშნავს, რომ სენატში კონტეს მთავრობას აბსოლუტური უმრავლესობა არ აქვს (ფორმალური უმრავლესობისთვის 161 ხმა იყო საჭირო).

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დებატები, რომელიც დილიდან დაიწყო და გვიან საღამოს დასრულდა, პალაცო მადამადან (Palazzo Madama – იტალიის სენატის რეზიდენცია რომში) პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა.

წინა დღეს, 18 იანვარს კი კონტეს მთავრობამ ნდობის ვოტუმი დეპუტატთა (ქვედა) პალატაში კენჭისყრის შედეგად მიიღო, აბსოლუტური უმრავლესობით.

ძალიან ძნელია ქვეყნის მართვა, როდესაც ვიღაც მუდმივად ცდილობს პოლიტიკური წონასწორობის დარღვევას, რომელიც მმართველი უმრავლესობის მიერ არის მიღწეული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გადამწყვეტი კენჭისყრის წინ თავისი ემოციური გამოსვლისას.  მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პირველხარისხოვანი საკითხების გადაწყვეტაზე იმუშაონ, უადგილო პოლიტიკური დებატებისთვის დროის ხარჯვა უხდებათ.

მატეო სალვინი და სხვა მემარჯვენე ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ მატარელას მოუწოდებენ, აიძულოს ჯუზეპე კონტე, დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

შეგახსენებთ, რომ კონტეს მთავრობას გადადგომა დაემუქრა მმართველი უმრავლესობიდან მატეო რენცის პარტია „იტალია ვივას“ 2 მინისტრის გასვლის შემდეგ. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2014-2016) მატეო რენცი პარლამენტში დემოკრატიული პარტიიდან შევიდა, თუმცა შემდეგ, 2019 წელს დამოუკიდებელი პარტია „Italia Viva“ შექმნა, მმართველის კოალიციის მხარდაჭერის შენარჩუნებით. კონტესა და რენცის შორის უთანხმოება წარმოიშვა პანდემიის შედეგად დაზარალებული იტალიის ეკონომიკის აღდგენის გეგმის თაობაზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და რომლის უმეტესი ნაწილი – 209 მლრდ ევრო – ევროკავშირის სახსრებია.

ნინო ხოშტარია
წყარო nostal.ge