ქართველი მთარგმნელი, მაია ტურაბელიძე, მრავალი წელია, იტალიაში ცხოვრობს. ჰყავს იტალიელი მეუღლე და შვილებიც იტალიაში გაზარდა. ქალბატონი მაია ხშირად წერს იტალიურ ყოფასა და ცხოვრების წესზე, ზოგჯერ საქართველოსაც ადარებს იქაურ ცხოვრებას. ამჯერად იტალიელ დედებზე წერს, რომლებიც ძალიან ჰგვანან თურმე ქართველებს. უცვლელად გთავაზობთ მაია ტურაბელიძის პოსტს.

“იტალიელი დედა იცით თუ არა, რომ იტალიელების თითქმის 50% მშობლების “კისერზე ზის”? შვილიკოები დედიკოს და მამიკოს “ფრთებს” ქვეშ სიცოცხლის ბოლომდე არიან ჩაყუჩულნი (80 წლის დედიკო 60 წლის “ბავშვს” ეკითხება, – ვნერვიულობ შენზე, ჭამე? გაცივდი? ახლავე მოვალ და მოგივლი…)
იტალიის მთავრობა დღედაღამ უყვირის მოქალაქეებს, ადექით, გაინძერით და მშობლებს ნუ აწვებით კისერზეო. დედის

კალთაზე მიწებებულებს “მამონებს” ეძახიან. იტალიელისთვის დედა წმინდაა! დედა ქორივით ადგას ასაკიან “ბავშვს” თავზე და იცავს მას ორპირი ქარისგან, სიცივისგან, შიმშილისგან, რძლისგან, სიძისგან, ცუდი სიზმრებისგან…

შვილს ყოველ საღამოს ურეკავს და “ტკბილ ძილს” უსურვებს, მხოლოდ ჯერ გამოიკითხავს, თუ როგორ ჩაიარა დღემ. ზოგჯერ, რძალს რომ არ აწყენინოს დასმული ზედმეტი კითხვებით, დიპლომატიას მიადგება – “შემოვლითი გზით” იმ დღის ამბავს მაინც გაიგებს.
ყოველ კვირა დღეს შვილს იწვევს, ოჯახიანად თუ ისე, სადილზე ან ვახშამზე, სადაც ერთი კვირისას აჭმევს და მომდევნო ერთი კვირისთვის ჩანთით ატანს.

თუ 60 წლის შვილი ავად გახდა, დედა მასთან გადასახლდება და სანამ ფეხზე არ წამოაყენებს, არ მოშორდება. რძლის დამზადებულ კერძს პირველად თავად სინჯავს და თუ მოეწონა, შვილს აჭმევს, თუ არადა, თვითონ გააკეთებს.
ასეთ ყურადღებას ბევრი ხელს ვერ ჰკრავს და არც კი ოჯახდება, მშობლებთან არ სჯობს ყოფნა?! ან თუ ოჯახდება, დედა მაინც სახეზეა – ტელეფონით გადაწვდება შვილს, სადაც არ უნდა იყოს ის. ოთხი შვილი ჰყავს? ოთხი პულტი უჭირავს ხელში, 24/24, ან მანქანით გავარდება მისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს და წლის ნებისმიერ სეზონზე (აქ 80 წლის ქალებსაც კი აქვთ მართვის მოწმობა). დედა მთელი ცხოვრება ღელავს შვილზე, ნერვიულობს, ვერ იძინებს, გემრიელად ვერ ჭამს, ლუკმა ყელში ეჩხირება, რძალს ან სიძეს არ ენდობა. ჰგონია, მის შვილს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ…

თუ შვილს ოჯახი ჰყავს და ცალკე ცხოვრობს, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება აქვს (ასე თუ ისე…), თუ არადა, მშობელს ყველაფერში დიდი როლი ენიჭება. მათი აზრით, შვილი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, მეუღლესთან მართალია, მაგრამ მთავარი სიმართლე ზემოდან ანუ მშობლებიდან მოდის.

ქართველებს გაუკვირდებათ ჩემი მონათხრობი? – არა მგონია. ისინი ხომ თავიანთ ოჯახს მშობლების კისერზე ჰქმნიან. უფრო მეტიც სახლს, ავტომატურად ითვისებენ, უფროსებს არც ეკითხებიან.

მოკლედ, ასე თუ ისე, ქართველები და იტალილები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

(კიდევ კარგი, ჩვენი ოჯახი დამოუკიდებელია). მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა: ბებია, ბაბუა, დედა, მამა და შვილები. შესაბამისად, გადაწყვეტილებებში ისინიც იღებდნენ მონაწილეობას. უამრავი პრობლემის გამო ბებია და ბაბუა ოჯახის წევრებად ოფიციალურად აღარ ითვლებიან” – წერს მაია ტურაბელიძე.

 

წყარო მშობლები