ნეაპოლში მაფია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს პაციენტებთან გამოძახებაზე სირენებითა და ციმციმებით სიარულს უკრძალავს, იუწყება გამოცემა The Times.

​გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მაფიოზური კლანები უკმაყოფილო არიან იმით, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები ნარკომოვაჭრეებსა და მათ კლიენტებს აფრთხობს. როგორც ირკვევა, დამნაშავეებს სასწრაფოს სირენების ხმები პოლიციის სირენებში ერევათ და ჰგონიათ, რომ ალყაში არიან.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გამოცემის ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანებს რამდენჯერმე უკვე დაესხნენ თავს. ბოლოს მსგავსი ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც ესპანურ კვარტალში გამოძახებაზე ჩართული სირენებით მიმავალ ეკიპაჟს უცნობმა მოტოციკლისტებმა გზა გადაუჭრეს და მინებზე ბრახუნი აუტეხეს.

„ვერ გაიგეთ, რომ აქ სირენის ჩართვა არ შეიძლება?! გამორთეთ ახლავე, თორემ დაგცხრილავთ“, — უთხრა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მძღოლს.

ეკიპაჟი დაემორჩილა მოთხოვნას, მოგვიანებით კი პოლიცია გამოიძახა, რათა სახიფათო რაიონიდან უვნებლად გასულიყვნენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა მაფიის წინააღმდეგ, რა დროსაც 49 ადამიანი დააკავა. მათ შორის იყვნენ ქალაქ როსარნოს მერი, ასევე მუნიციპალური საბჭოს წევრები.