იტალიაში დაკავებულ, წითელი ცირკულარით ძებნილ საქართველოს მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციას 13 მარტს გადასცემენ.

გადაწყვეტილება 42 წლის ბორის წიკლაურის რუსეთში ექსტრადირების თაობაზე, იტალიის ორი ინსტანციის სასამართლომ მიიღო.

წიკლაურის ახლო ნათესავის, ნათია მექუდიშვილის ინფორმაციით, ოჯახმა ადვოკატი უკვე რუსეთში აიყვანა.

„ფინანსურად უკვე ძალიან გვიჭირს, მაგრამ ხომ ვერ მივატოვებთ, ამიტომ რუსეთში ავიყვანეთ ადვოკატი. ექსტრადირების თარიღი უკვე გადაწყვეტილია. ძალიან გვეშინია, რომ რუსეთში რამეს დამართებენ. არადა, ამნისტიის აქტით არის განთავისუფლებული და წარმოუდგენელი იყო მისთვის ბრალის ხელახლა წაყენება“- თქვა მექუდიშვილმა.

რუსეთის ფედერაცია, საქართველოს მოქალაქე ბორის წიკლაურს, 1999 წელს ჩადენილ გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება.

წიკლაურმა სასჯელი ნაწილობრივ მოიხადა, შემდეგ კი, რუსეთის ფედერალური კრების ამნისტიის აქტით პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა. ბორის წიკლაური რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოში ცხოვრობდა.

წიკლაური 2019 წელს იტალიაში ისე წავიდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე, ინფორმაციას არ ფლობდა.