საქართველოდან აგრარულ სფეროში დასაქმების მიზნით გერმანიის შემდეგ, მოთხოვნა სხვა ქვეყნების მხრიდანაც გაჩნდება. ამის შესახებ emograntebi.ge-ს აგრარული სფეროს სპეციალისტმა, პროფესორმა პაატა აროშიძემ აცნობა. მისი თქმით, პანდემიის შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ეროვნული ეკონომიკის წინ წამოწევა და თითქმის ყველგან გაჩნდა იაფი მუშახელის პრობლემა. ამ შემთხვევაში, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ქართული შრომის ძალა მათთვის სავსებით მისაღებია და გერმანიის მაგალითს შეიძლება მიბაძონ ისრაელმა, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ესპანეთმა და სხვა სახელმწიფოებმაც. თურქეთში ისედაც შესაძლებელი იყო სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება და 2021 წელს ამ მხრივ, სავარაუდოდ, მეტი მოთხოვნა გაჩნდება.

,,პანდემიის შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველა ქვეყანამ დაიწყო ეროვნული ეკონომიკის წინ წამოწევა. მიხვდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში რაც მეტი მიწა დამუშავდება, მეტად იქნებიან დაცული გლობალური ნეგატიური პროცესებისგან. მოთხოვნის ზრდამ კი მუშა ხელის ნაკლებობა გამოიწვია. ველოდები, რომ გერმანიას მიბაძავს ყველა ქვეყანა, სადაც სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. ისინი აუცილებლად მიიწვევენ სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, რადგან სასოფლო-სამუშაო მწარმოებელი მუშა ხელის ბუნებრივი ნაკლებობაა. ვინც ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობა არის მთავარი დარგი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და სხვა, ახალი პროგრამების შესახებ გამოაცხადებენ. ანალოგიური პროგრამა გააჩნდა პანდემიამდე პოლონეთში და აქედან ბევრი წავიდა. ქვეყნებს სჭირდებათ დამხმარე სამუშაო ძალა, ხოლო საქართველო მისაღებია იმით, რომ წარმოვადგენთ იაფ მუშა ხელს. თურქეთში კი ისედაც გადადიან ქართველები ჩაისა და თხილის სეზონზე, რომ არა პანდემია, 2020 წელსაც დიდი რაოდენობა მოახერხებდა სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებას”, – ამბობს აროშიძე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გარდა, ტექნოლოგიურ დარგებში დასაქმება ქართველებისთვის სხვა ქვეყნებში, ჯერჯერობით შეუძლებელია.

,,რთულია ქარხნებს და და მსგავს ადგილებში დასაქმება, მაგრამ შრომატევად დარგებში სამუშაოს დაწყება არავის გაუჭირდება, ვინც კი პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილ პირობებს დააკმაყოფილებს. დეფიციტი ძირითადად სოფლის მეურნეობაშია, ტექნიკურ დარგებში, ტექნოლოგიურად განვითარებული მუშა ხელი საკმარისი რაოდენობით ჰყავს ყველა ნორმალურ ქვეყანას, საქართველოში ასეთი კადრი ცოტაა. ჩვენ მისაღები ვართ დაბალი შრომის ანაზღაურებით. რა თანხაც, ვთქვათ, გერმანიაში ადგილობრივს სჭირდება დღიური შრომის საფასურად, ქართველი სეზონურად მომუშავე, შეიძლება 1 კვირა ამუშაონ. ცხადია, ეკონომიას დიდ ანგარიშს უწევენ. ასე იქცევა ამერიკაც, რომელსაც თავისი საწარმოები მრავლად აქვს, მაგალითად, ჩინეთში, სადაც იაფი მუშა ხელი ეგულება”, – ამბობს პაატა აროშიძე.

მეცნიერის აზრით, გერმანიაში სეზონურად დასაქმება ქართველებისთვის, გარდა ფინანსური ინეტერესისა, კარგია იმ მხრივაც, რომ ევროპული გამოცდილების მიღებას და სამშობლოში განხორციელებას შეძლებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა აროშიძემ გუშინ აღნიშნა და დასძინა, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ქართველთა გამგზავრება სამამულო წარმოების მასშტაბს ვერ შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია 15 თებერვალს, დაიწყო. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით,16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53 274 პირია დარეგისტრირებული, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა.

შეგახსენებთ, რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: workabroad.moh.gov.ge