საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დღევანდელი, 16 თებერვლის, მონაცემებით, სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა შეავსო 35 121-მა პირმა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველითაურმა გვითხრა, რომ თუკი კონკრეტული პირის დასაქმება გადაწყდება, სამუშაოს მაძიებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა ნომერი 100, პასპორტი, სამგზავრო ბილეთი ორივე გზაზე და PCR ტესტის გაკეთება. ველითაურის თანახამად, დასაქმების ხანგრძლივობაა კვირაში ხუთი-ექვსი დღე და რვა-ათი საათი დღეში, მინიმალური ხელფასი 9,50 ევრო საათში. ამ თანხას გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ, სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება.

„დამსაქმებელი უზრუნველყოფს, რომ სამუშაოსთან ახლოს იყოს ორგანიზებული საცხოვრებელი სამუშაოს მაძიებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. რა ეღირება საცხოვრებელი, ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ვაკანსიაში იქნება მითითებული. დასაქმებული ასევე თვითონ ფარავს კვების ხარჯს. რაც შეეხება ადგილზე (გერმანიაში) ჯანმრთელობის და საწარმოო შემთხვევებისგან დაზღვევას, ამ ხარჯს გაიღებს თავად დამსაქმებელი. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს აუცილებლად ეტყვიან წინასწარ იმას, საორიენტაციოდ რამდენი იქნება ხარჯი და რამდენი – ხელფასი“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობენ კახეთში დროებით ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ახალი სამუშაო ადგილები მუდმივად პრობლემურია, ეს პროგრამა ბევრი ადამიანისთვის იქნება შეღავათი, თუმცა ლაგოდეხში მცხოვრები იზოლდა ბოჭორიშვილის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, სამუშაო ადგილები შექნილიყო ადგილზევე.

„სოფლის მეურნეობაში იმდენი დაუმუშავებელი ადგილი, ფერმერული მეურნეობა და ისეთი შესაძლებლობებია, რომ უკეთესი იყო, სამუშაო ადგილები შექმნილიყო ადგილზე, მაგრამ დაუსაქმებელი ადამიანებისთვის თუნდაც სამი თვით დასაქმება გერმანიაში იქნება შეღავათი და შემოსავლის წყარო“.

პროგრამის შესახებ სმენიათ კახეთში ჩვენ მიერ გამოკითხულ სხვა რესპონდენტებსაც. მათი ნაწილი ამბობს, რომ ეს საუკეთესო შესაძლებლობაა უმუშევრად მყოფი ადამიანებისთვის, თუმცა ზოგი კმაყოფილია იმით, რასაც საქართველოში გამოიმუშავებს, ზოგს პროგრამის ნამდვილობის საერთოდ არ სჯერა.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების მსურველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18-დან 60 წლამდე ასაკის და უნდა შეეძლოს ინგლისურ ან გერმანულ ენაზე ელემენტარულ დონეზე კომუნიკაცია. საჭიროა ასევე მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია. მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს, 3 თვით ადრე ნამყოფი არ უნდა იყოს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ პროექტის ფარგლებში გათვლილია შესაძლო რისკები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ ჩასული მოქალაქე ვადის გასვლის შემდეგ უკან, სამშობლოში, არ დაბრუნდება, მას დაუყოვნებლივ მოიძიებენ და საქართველოში დეპორტით დააბრუნებენ.