სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა.

საქართველოს მთავრობის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლებში სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

მათივე ცნობით, რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა:

სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე ჩატარდეს მოსწავლის თერმოსკრინინგი; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება; დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

სკოლაში შესვლამდე, თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას; სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას; დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე; თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან;

37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

რაც შეეხება სკოლაში მოსწავლის პირად ჰიგიენას, მთავრობის ინფორმაციით, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით; მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია; საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით;

გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით; ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში;  საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით.

ამასთან, მთავრობის გვერდზე ვრცელდება რეკომენდაციები მშობლებისთვის: შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას; მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.

გარდა ამისა, მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლების მიმართ: სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით; სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი; კლასიდან კლასში გადაადგილებისას, მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;

მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით; მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით;  მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.

საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, ტარდება სკოლების მონიტორინგი, მოწესრიგდა სველი წერტილები 800-მდე სკოლაში;  სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ ტესტირება „კოვიდ-19“-ზე.

მთავრობის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს დაევალათ მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება, რომლის ფარგლებშიც მშობლები სისტემატურად მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა; სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები; სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა; საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი; სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება; თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა; სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;  დისტანციური სწავლების ფორმა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის; სკოლის პერსონალის „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ტესტირება;  მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.

აქვე განმარრტებულია, რომ მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ სწავლებას შორის.

„საქართველოს ყველა საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეებს ეძლევა საშუალება, გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად, მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ონლაინრეგისტრაციის გზით https://online.emis.ge -ზე. სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, მუშაობა დისტანციურ ფორმატში განაგრძონ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.