დღესდღეობით, მსოფლიოში დიდი დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, გახდება თუ არა ვაქცინაციის საბუთი მოგზაურობისთვი საზღვრების გახსნის საშუალება.


IT-კომპანიები, ავიაგადამზიდები და კიდევ გარკვეული ქვეყნის ლიდერები აღნიშნული საბუთის შემოღების მომხრეები არიან. მოწინააღმდეგეები ადამიანების უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და აღნიშნული საბუთის ეფექტურობის არ სჯერათ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

უმრავლესობა თვლის, რომ ვაქცინაციის პასპორტმა შესაძლოა, პანდემიით დაზარალებული დარგი – ტურიზმი, კვლავ გააცოცხლოს. ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა საბერძნეთი, სადაც ტურიზმის 20% მშპ-ს შეადგენს – პანდემია ქვეყანას ზუსტად იმ დროს დაატყდა, როდესაც ის რთული ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. საბერძნეთში, ტურიზმის სფეროში ყოველი მეხუთე ადამიანია ჩართული.

„წელს რომ არ გავიხსნათ, ეს გამოსავალი არ იქნება. თუკი ჩვენ ამ ტურისტულ სეზონს დავკარგავთ, ძალიან მძიმე პერიოდი გველის”,- ამბობს კუნძულ სანტორინის წამყვანი ბიზნესმენი ალექსის კომნინოსი.

ვითარებიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, საბერძნეთის პრემიერ – მინისტრმა, კარიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირს შესთავაზა სერიოზულად განიხილონ ვაქცინაციის პასპორტის შემოღება.

„ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ, საშუალება უნდა ჰქონდეთ თავისუფლად იმოგზაურონ. ეს მოქალაქეებს შორის, ვაქცინაციისთვის ერთგვარი სტიმულიც იქნება, ვინაიდან მხოლოდ ეს გვაძლევს საშუალებას დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას“,- განმარტავს საბერძნეთის პრემიერ მინისტრი.

იანვრის ბოლოს, საბერძნეთმა ციფრული სერტიფიკატების გაცემა დაიწყო მათზე, ვინც ვაქცინა გაიკეთა. ევროკავშირისგან დასტურის მიღებამდე, საბერძნეთმა გადაწყვიტა პრაქტიკაში გამოეცადა ვაქცინაციის პასპორტი და ისრაელთან გამართა მოლაპარაკება.

9-მილიონიან ისრაელში დაახლოებით, 3.5 მილიონმა ადამიანმა უკვე ჩაიტარა ვაქცინა, მაგრამ ისრაელის მოქალაქეები საბერძნეთის ტურიზმის სფეროსთვის ძალიან დაბალ პროცენტს შეადგენენ.

2019 წელს საბერძნეთში დასასვენებლად 34,2 მილიონი ადამიანი ჩავიდა, მათგან ისრაელის მოქალაქე მილიონზე ნაკლები იყო.
იმისთვის, რომ ტურისტული ნაკადი სრულად აღდგეს საბერძნეთს მოუწევს დაიბრუნოს თავისი ძირითადი სტუმრები – პირველ რიგში, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. ეს ქვეყნები კი არ ჩქარობენ ვაქცინაციის პასპორტის მიღებას.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც ასევე არიან დამოკიდებული ტურისტებზე, მხარს უჭერენ საბერძნეთს. ვაქცინაციის პასტორტს ნაწილობრივ მხარს უჭერენ იტალია, პორტუგალია, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. მაგრამ საერთო ჯამში ევროპამ ერთიანი დამოკიდებულება ჯერ ვერ ჩამოაყალიბა.

 

„ჯანმო“ ჯერჯერობით არ თვლის, რომ ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს. მიუხედავად ამისა, იქაც თვლიან, რომ იმუნიტეტის დამადასტურებელი რაიმე ტიპის საბუთი მაინც უნდა არსებობდეს.

ევროპაში „ჯანმოს“ სპეციალური წარმომადგენლის დავიდ ნაბაროს განცხადებით, ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნების საშუალებას მოგვცემს მხოლოდ Covid-19-ის ძალიან სწრაფი ტესტები, მაგრამ მისი განცხადებით, ისინი ვინც ვერ ახერხებენ ვაქცინის მიღებას გარკვეულ შეზღუდვებს შეხვდებიან.

ნაბარო ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ის თვლის, რომ ადამიანებს მოუწევთ შეეგუონ არსებულ მკაცრ რეალობას მანამ, სამამ ვაქცინის მძაფრი დეფიციტი არ იქნება დაძლეული. მისი თქმით, ეს უახლოეს თვეებში მოხდება ვინაიდან მათი წარმოება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.

მისი აზრით, ვაქცინაციის პასპორტების ან სერტიფიკატების შემოღება მოგზაურობისთვის, საერთაშორისო დონის შეთანხმებას მოითხოვს, რაც არც ისე ადვილია.

„ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში შემუშავდება გარკვეული სისტემა, რომლის დახმარებითაც ადამიანი შეძლებს წარადგინოს საკუთარი იმუნური სტატუსი კოვიდზე, მაგრამ, ეს დიდ შრომას მოითხოვს“,- განაცხადა ნაბარომ ბრიტანულ ტელევიაზია ITV-სთან ინტერვიუში.