15 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება. კერძოდ:

ინგლისი

ინგლისში გამომგზავრებამდე ყველა პირმა
• ბოლო 72 საათის განმავლობაში გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების PCR-ტესტი, რომლის უარყოფითი პასუხი შემდგომ საზღვარზე უნდა წარმოადგინოს ინგლისში ჩასვლისას;
• უნდა დაჯავშნოს და შეიძინოს ტესტირების სამგზავრო პაკეტი (ქვემოთ იხილეთ ბმული), რაც მოიცავს კარანტინის (თვითიზოლაციის) მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტის საფასურს (ჯამში 210 გირვანქა სტერლინგი);
• უნდა შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლის მისამართი და ტესტირების ჯავშნის ნომერი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ინგლისში ჩასულმა ყველა პირმა:

• უნდა გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია;
• თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი;
• დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე. წ. „ლოქდაუნის“ წესები).

კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლა შესაძლებელია:

• საკუთარ საცხოვრებელ ადგილას;
• მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დარჩენით;
• სასტუმროში, რომელიც კარანტინის მართვის პროგრამაში მოქცეული არ არის.

ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის არ წარდგენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 500 გირვანქა სტერლინგით, ხოლო კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევის შემთხვევაში პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 10 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისას განზრახ ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ისჯება კანონით. კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე 10 დღის მანძილზე სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის არაზუსტი აღწერის შემთხვევაში, პირს შესაძლოა მიესაჯოს ჯარიმის გადახდა 10 000-მდე გირვანქა სტერლინგის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.

შოტლანდია

შოტლანდიაში პირდაპირი ფრენით მიმავალმა ყველა პირმა:
• საზღვარზე უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხი;
• გამომგზავრებამდე დაჯავშნოს და შეიძინოს საკარანტინო სასტუმროში მართული იზოლაციის 10-დღიანი პაკეტი (კარანტინის პერიოდი აითვლება ჩასვლის მომენტიდან). პაკეტის ჯამური საფასურია 1 750 გირვანქა სტერლინგი (დამატებითი ზრდასრული პირის ან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვისთვის – 650 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 5-12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის – 325 გირვანქა სტერლინგი);
• გამომგზავრებამდე შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, საბოლოო დანიშნულების ადგილი და კარანტინის პაკეტის ჯავშნის ნომერი.
• კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი;
• დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე. წ. „ლოქდაუნის“ წესები).

უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია

ამ ეტაპზე, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ კვლავ მოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი თვითიზოლაციის წესი, რომელიც ასევე მოიცავს წინასწარ მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებებს, თუმცა უახლოეს დღეებში ასევე მოსალოდნელია საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილება (გამკაცრება).

გაერთიანებული სამეფოს (ოთხივე ქვეყნის) მიერ შემოღებული ზემოაღწერილი რეჟიმები არ ვრცელდება „საერთო სამგზავრო სივრციდან“ (ირლანდია და ჯერსის, გერნსისა და მენის კუნძულები) მომავალ პირთა მიმართ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ სამგზავრო მიმოსვლა შეწყვიტა 33 სახელმწიფოსთან (ე. წ. „წითელი სია“: gov.uk), სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში შესვლა აკრძალული აქვთ.