საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნა. ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა, ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და მისი გაძლიერების ხელშეწყობაა.

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდიდან, ჩემს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჩვენს დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება დავისახე. თითოეულ ქვეყანაში, რომელსაც ვესტუმრე, შევხვდი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს, იმისათვის, რომ დაგვენახა ემიგრაციასა და სამშობლოს შორის არსებული კავშირების გამყარების გზები.

პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდე, რომ იმუშაონ საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე. სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი და, გარკვეულწილად, სოლიდარობის მაჩვენებელია.

საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება პატრიოტიზმის გამოხატულებაა, რაც ამავდროულად ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მზარდი ეკონომიკის განვითარებას. მას შემდეგ, რაც პანდემია მინელდება და მსოფლიო თავის აქტიურ რიტმს დაუბრუნდება, მე განვაგრძობ შეხვედრებს როგორც დიასპორის წევრებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან, დიასპორათა ისეთი წარმომადგენლობებიდან, როგორიც თქვენ ხართ, რათა ხელი შევუწყო თქვენნაირი ინვესტორების ჩართულობას საქართველოს რეგიონულ და ეროვნულ განვითარებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა