15 იანვარს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა მთავრობის ახალ დეკრეტს (Dpcm), რომელიც 16 იანვარი – 5 მარტის პერიოდში იქნება ძალაში. იტალია მნიშვნელოვანი ხარისხით შეინარჩუნებს საშობაო შეზღუდვებს ვირუსის ცირკულაციის გააქტიურების ფონზე, რათა მოვლენების კონტროლიდან გამოსვლა ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

რა წესები მოქმედებს ქვეყანაში 5 მარტამდე?

ლომბარდია, ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას მიერ 16 იანვარს ხელმოწერილი დადგენილების თანახმად (ახალი დეკრეტის საფუძველზე), წითელ ზონშია 31 იანვრამდე, თუმცა რეგიონის პრეზიდენტი ატილიო ფონტანა აპირებს რეგიონულ ადმინისტრაციულ სასამართლოში ორშაბათს საჩივარი შეიტანოს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მისი თქმით, გადაწვეტილება მოძველებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით იქნა მიღებული, თუმცა ლომბარდიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აშკარად უარესდება (2134 ახალი შემთხვევა გუშინ საღამოს მონაცემებით, 78 გარდაცვლილი, თუმცა პოზიტიურობის მაჩვენებელი 8,3%-იდან 6%-მდე შემცირდა).

ფონტანასგან განსხვავებით სიცილიის პრეზიდენტმა ნელო მუსუმეჩიმ თავად მოუწოდა რეგიონის წითელ ზონად გამოცხადებისკენ.

ამ ორი რეგიონის გარდა წითელი ზონის სტატუსი მიიღო ბოლცანოს ავტონომიურმა პროვინციამ (ალტო ადიჯე), რომლის ხელმძღვანელობა, აგრეთვე, აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და გასაჩივრებას გეგმავს.

ყვითელ ზონაში რჩება 5 რეგიონი: კამპანია, სარდინია, ბაზილიკატა, ტოსკანა და მოლიზე, აგრეთვე, ავტონომიური პროვინცია ტრენტო. დანარჩენი 12 რეგიონი – აბრუცო, ფრიული ვენეცია ჯულია, ლაციო, ლიგურია, მარკე, პიემონტი, აპულია, უმბრია, ვალე დ’აოსტა, კალაბრია, ემილია რომანია, ვენეტო კი ნარინჯისფერ ზონაშია.

როგორც ცნობილია, ახალი დეკრეტის თანახმად, შეიცვალა ინდიკატორის მაჩვენებელი და ნარინჯისფერ ზონაში ავტომატურად გადადის ტერიტორია, სადაც ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი Rt 1-ზე მაღალია (ადრე დადგენილი 1,25-ის ნაცვლად), ხოლო წითელ ზონაში – ის ტერიტორია, სადაც ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი 1,25-ს აღემატება(ადრე დადგენილი 1,5-ის ნაცვლად).

ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას განცხადებით, დადგენილებები მიღებულია ობიექტური მონაცემების და სამეცნიერო რეკომენდაციების საფუძველზე და მათი მიზანია ინფექციის გავრცელების შეკავება ეპიდემიის გამწვავების ფაზაში, ამიტომ დადგენილებებით განსაზღვრული ზომების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ინფექცია უკონტროლოდ არ გავრცელდეს.

აქედან გამომდინარე, დღეიდან 5 მარტამდე მასობრივად დაიკეტება კომერციული დაწესებულებები, საცურაო აუზები და სატრენაჟორო დარბაზები, საჭირო იქნება გადაადგილებისთვის თვითსერტიფიკატის ქონა; იმოქმედებს კომენდანტის საათი 22:00-იდან 05:00 სთ-მდე. რესტორნები და ბარები გატანის სერვისზე მხოლოდ 18:00 სთ-მდე იმუშავებენ.

ყვითელ ზონებში სამუშაო დღეებში მუზეუმები ღია იქნება, თუმცა მნახველებს შეზღუდული რაოდენობით შეუშვებენ.

რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამონაკლისია მეორე სახლები, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქალაქეებს შეუძლიათ ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში გადაადგილება, თუ იქ მეორე სახლი აქვთ, ან მათი საცხოვრებელი ადგილია, ან ძირითად საცხოვრებელ ადგილას ბრუნდებიან. ერთადერთი შეზღუდვა ამ შემთხვევაში არის ის, რომ გამგზავრება შეუძლია მხოლოდ ოჯახს.

ვალე დ’აოსტაში გადაადგილება ნებადართულია დილის 5-იდან საღამოს 10 საათამდე, მთელი რეგიონის ტერიტორიაზე, დედაქალაქის (ადმინისტრაციული ცენტრი) ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით დადგენილება რეგიონის პრეზიდენტმა ერიკ ლავევაზმა მიიღო მას შემდეგ, რაც ვალე დ’აოსტა ნარინჯისფერ ზონაში მოექცა.

სპერანცას თქმით, ამ დროისთვის „თეთრი ზონები“ (Rt – 0,5-მდე), სადაც ყველაფერი გაიხსნება, ჯერჯერობით მხოლოდ მირაჟია. ამისთვის მრუდის მნიშვნელოვან დაღმასვლას უნდა დაველოდოთ.

გუშინ, ახალი დადგენილების ამოქმედების წინა დღეს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც წითელ და ნარინჯისფერ ეპიდემიოლოგიურ ზინებად კლასიფიცირდა, გარეთ ხალხმრავლობა იყო: რომის, ტურინის  და სხვა დიდი ქალაქების ქუჩები ხალხით იყო სავსე, მაღაზიებთან რიგები იდგა.

ამასთან, ძლიერდება საპოლიციო კონტროლი: იტალიის შს სამინისტროს მონაცემებით, პარასკევს 1364 ადამიანი დაჯარიმდა წესების დარღვევის გამო, 19 კი – გააფრთხილეს. ეს საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია. შემოწმდა 16 274 დაწესებულება, მათგან 106-ის მესაკუთრეს სანქცია დაეკისრა, 29 – დაიკეტა.

ორშაბათიდან მოსწავლეთა დიდი ნაწილი მერხებთან დაბრუნდება

ამასთან, იტალიის  საჯარო სკოლების მოსწავლეთა 50%-იდან 75%-მდე ხვალიდან, 18 იანვრიდან მერხთან სწავლას დაუბრუნდება.

სასწავლო დაწესებულებებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ, მოსწავლეთა რა ნაწილი ისწავლის მერხებთან და რა ნაწილი – ისევ დისტანციურად, ტექნიკური თუ სხვა საშუალებების გათვალისწინებით, აგრეთვე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა ეპიდემიის გამო 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ნინო ხოშტარია

წყარო nostal,ge