თათა გოგოლაძე 2 თვის იყო, როცა დედამ მისი გაშვილება გადაწყვიტა. საქმე ის გახლდათ, რომ ქალბატონი ეროვნებით რუსი გახლდათ და საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად არ იყო ჩამოსული.

&მ
აქ ყოფნის დროს გაიცნო ასაკით თავისზე უმცროსი, 18 წლის მამაკაცი. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა, მაგრამ ვაჟის ოჯახი წინააღმდეგი იყო მათი შეუღლების.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

წყვილმა ერთად ყოფნა მაინც გადაწყვიტა და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. ამასობაში ქვეყნიერებას თათა მოევლინა. მშობლებმა სამშობიაროდან გამოიყვანეს. დედამ დაიწყო სანდო და კარგი ოჯახის ძებნა, გოგონას გასაშვილებლად და 2 თვის მერე მიაგნო კიდეც.

ახალმა ოჯახმა პატარა სიყვარულით მიიღო და არც ზრუნვა დაუკლიათ და ანებივრებდნენ კიდეც. 4 წლისას აღმზრდელი მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა.

როგორც თათა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, ბიოლოგიურ დედას მოსკოვში დატოვებული ჰყავდა ერთი შვილი – ვაჟი და გოგონას გაშვილების მერე ქმართან განქორწინდა და მასთან გაემგზავრა.

თათა გოგოლაძე:

– პირველკურსელი ვიყავი, როცა სარდაფში შემთხვევით გადავაწყდი საბუთებს, ჩემი გაშვილების შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ნაშვილები ვიყავი. მე სლავური გარეგნობა მაქვს, ჩემი მშობლები სუფთა კავკასიური გარეგნობის იყვნენ – შავგვრემანები. თუმცა, ვცდილობდი, რომ ამ თემას არ ჩავღრმავებოდი.

ერთ მშვენიერ დღეს კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. საბუთებში ეწერა ჩემი ბიოლოგიური მშობლების მისამართები, ვინაობა და დავიწყე ძებნა. მამას მივაგენი 16 წლის წინ. მივედი მასთან სახლში და ნათესავები დამხვდნენ. თავად შინ არ იყო. რომ მოვიდა და უთხრეს, ვინც ვიყავი, ძლივს შემოიყვანეს სახლში, მუხლები ეკვეთებოდა. ის არ დაოჯახებულა და არც სხვა შვილი ჰყავს.

მართალია, მამას ვერ ვეძახი და სიმართლე რომ გითხრათ, ვერც იმას ვაცნობიერებ, რომ მამაჩემია, მაგრამ ძალიან ვმეგობრობთ და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ.

მე გამზრდელ დედასთან ერთად ვცხოვრობ ისევ და ერთმანეთთნ სტუმრად მივდივართ ხოლმე. მისი სურვილიც იყო, რომ დედაც მომეძებნა და დავიწყე მოძიება, მაგრამ წლების განმავლობაში მასზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.

რუსეთი სხვა ქვეყანაა, თან მოსკოვი ისე დიდია, რომ ძალიან სერიოზული რესურსი გინდა, იქ ადამიანს მიაგნო. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, ერთი ქართველი, იქ მცხოვრები ემიგრანტი ძალიან დამეხმარა და ინფორმაცია მოიძია. აღმოჩნდა, რომ დედა 15 წლის წინ გარდაცვლილა. მისი ოჯახიდან ცოცხალი აღარავინაა, არც ძმები, არც მისი შვილი – ჩემი უფროსი ძმა.

მხოლოდ ერთი ბიძის შვილები არიან ცოცხლები და მათთან ურთიერთობა მაქვს. როცა დავუკავშირდი, ძალიან გაუკვირდათ, რადგან წლების შემდეგ დედას გაუმხელია, რომ საქართველოში შვილი გააჩინა და მოუკვდა.

ჯერ ჩემი ძმა დაღუპულა ტრაგიკულად – ხანძარი გაჩენილა და დაიწვა. დედას ძალიან განუცდია ეს ამბავი. ალბათ ჩემი გაშვილების დარდიც აწვა გულზე და ბოლო დროს, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ფსიქიკური პრობლემები დაწყებია. მითხრეს, რომ ძალიან საცოდავად მომკვდარა. ამ დროს მისი არც ერთი ნათესავი არ ყოფილა ქალაქში და სამადლოდ დაუმარხავთ. საფლავიც კი არ იციან, სადაა. უგზოუკვლოდ დაიკარგა დედა, ისე, რომ საფლავსაც კი ვერ ვნახავ.

ბიძაშვილებმა მითხრეს, ჩვენ შენზე ვიცოდით, რომ მოკვდი და აქ ყველა მოკვდა შენ კი ცოცხალი გამოჩნდიო…

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძის აღმზრდელი მშობლების ბებია და ჩემი ბებია დაქალები იყვნენ. ჯერ თამუნა აუყვანია იმ ოჯახს, ვიღაცის დახმარებით და მერე ისევ იმ ადამიანის ჩარევით – მე მიშვილეს. რაღაცნაირად, გადაბმულია ჩვენი ბედი თითქოს, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, მან ჯერ ვერ მიაგნო თავის მშობლებს. მამაჩემს გამოვკითხე, როგორ გამაშვილეს, ვისი საშუალებით, იქნებ იმ ადამიანის დახმარებით ტამუნას მშობლებიც მოგვეძებნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ და ალბათ მის საიდუმლოსაც აეხდება ფარდა ოდესმე.

რადგან ერთნაირი ბედი გვაქვს, მე და თამუნამ გადავწყვიტეთ, ჩვენნაირი ადამიანების დახმარება. გვაქვს ჯგუფი – „ვეძებ“, სოციალურ ქსელში და უამრავი გაშვილებული ადამიანის პოსტი და ამბავი იდება ყოველდღე. ვეხმარებით, რითაც შეგვიძლია და ზოგს ვაპოვნინეთ კიდეც, მშობლები. ბევრი ისევ ეძებს. საოცარ ამბებს წაიკითხავთ, ამ ჯგუფში. მეგონა რომ ასეთი ადამიანი არც ისე ბევრია, მაგრამ თურმე უამრავი გაშვილებულია და უამრავი შვილმოპარული დედა, რომლებიც ფარხმალს არ ყრიან და ეძებენ თავის ბიოლოგიურ ოჯახის წევრებს. იმედი გვაქვს, რომ ყველას გაუმართლებს და გაერთიანდებიან.

ავტორი: მარი ჯაფარიძე
წყარო პრაიმტაიმი