თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ადამიანის ორგანოების უკანონოდ ვაჭრობისთვის 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

გამოცემის ცნობით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი, ორგანოთა უკანონო ვაჭრობის ბრალდებით, გამოძიებას უცხო ქვეყნის 18 მოქალაქის მიმართ აწარმოებდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ეს პირები თავს დონორების ოჯახის წევრებად ასაღებდნენ, სინამდვილეში კი პაციენტებთან რაიმე ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ და მათ მიზანს ორგანოების გაყიდვა წარმოადგენდა.

სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში სულ 18 ადამიანი დააკავეს, მათ შორის საქართველოს, ნიგერიის, უგანდის, რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

დაკითხვის შემდეგ, რვა ადამიანი გაათავისუფლეს, 10 ადამიანი კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

სასამართლომ ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება გამოიყენა. 5 ბრალდებულის მიმართ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა, მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.