საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბაბუას ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ emigrantebi.ge-ს უწყებიდან აცნობეს.

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ს.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.მიოზარდის დედის თქმით, მომხდარის შემდეგ გოგოს ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თვითმკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დაკავა. მას თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირში ედებოდა ბრალი, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახალი ბრალდება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.