საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, საფრანგეთთან და ისრაელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებით ლეგალურად დასაქმება სამი თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე, რომელიც უცხოეთში დროებითი დასაქმების მსურველთათვის ორი კვირის წინ ამოქმედდა, ამ დროისთვის 90 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დარეგისტრირებული.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება პირობა, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.

„ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით არამარტო გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ვაიძულებთ. პირიქით, შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, ერთ–ერთი აუცილებელ პუნქტი ამ ადამიანების საქართველოში დაბრუნება იქნება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების კონტროლს, მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ყველა ქვეყანასთან კონკრეტული შეთანხმებით განისაზღვრება.

„მერწმუნეთ, რომ შეთანხმებებში ყველა ნიუანსია გათვალისწინებული იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს როგორც მოქალაქეების უფლებები, ასევე სახელმწიფოს ინტერესები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს.